კახა ადამია – ზვიად გამსახურდია არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მხოლოდ რიგით პირველი პრეზიდენტი

“ზვიად გამსახურდია არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მხოლოდ რიგით პირველი პრეზიდენტი… ის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუძემდებელი და საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველაზე დიდი ეროვნული ლიდერი იყო… და მის სიდიადეს, ვფიქრობ დიდხანს ვერავინ დაჩრდილავს.

რუსეთის აგენტურის მიერ ეროვნული ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობის მერე, ზუსტად ერთი წელი და რვა თვე იმყოფებოდა პრეზიდენტი გამსახურდია დევნილობაში თავის ძმადნაფიცთან, ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევთან
და როგორც კი პირველი შესაძლებლობა მიეცა, 1993 წლის სექტემბერს, ის საქართველოში დაბრუნდა. ჩვენ, სენაკის ბატალიონის გვარდიელები პირველები შევხდით ჩეჩნეთიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სრულიად მოულოდნელად ჩამოსულ პრეზიდენტს – სენაკის სამხედრო აეროდრომზე…

ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რამდენად სწორი იყო ზვიადის ეს ნაბიჯი და უკეთესი ხომ არ იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ გამსახურდია იმ არეულ დროს საქართველოში არ დაბრუნებულიყო…

ზვიად გამსახურდიას, რომელიც გენიოსი იყო და რომელსაც იმჟამად უცხოურმა პრესამ ,,თანამედროვე მსოფლიოს უგანათლებულესი პრეზიდენტი,, უწოდა, არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ სამოქალაქო ომში ჩაფლულ ქვეყანაში, რომელსაც პარალელურად რუსეთის მიერ გაჩაღებული ორი კონფლიქტიც ჰქონდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის გარანტიას ვერავინ მისცემდა…. მან მშვენივრად იცოდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაც და რუსეთის სპეცსამსახურებიც მასზე ნადირობდნენ და ცოცხლად ციხეში მისი გამომწყვდევა, უკანონო ხელისუფლებისთვის, არეულობის და მუდმივი პრობლემების ფაქტორი იქნებოდა, რის გამოც ასეთი სცენარი უკანონო ხელოსუფლებას ნაკლებად აინტერესებდა… რაც შეეხება იმჟამინდელ საერთაშორისო ვითარებას, მაშინდელ მსოფლიო პოლიტიკაში, შევარდნაძისგან განსხვავებით, ზვიადს გულშემატკივარი თითქმის არ ჰყავდა… მიუხედავად ამისა, მან ასეთი ნაბიჯი გადადგა და მე ვფიქრობ, რომ სწორად, რადგან გამსახურდიას დევნილობაში, ემიგრაციაში უსაფრთხო ცხოვრება და შორიდან, საკუთარი ქვეყნის ტანჯვის ყურება, როგორც ჩანს არ შეეძლო… ის ქართველი ხალხის ლიდერად დაიბადა და საკუთარ ქვეყანაში, ასეთად უნდა მომკვდარიყო… ამაში, გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე, ზვიადის ნათქვამმა სიტყვებმაც დამარწმუნა, რომელიც მე მისი გარდაცვალების შემდგომ წლებში წავიკითხე…

,,მე, ჩემი ცხოვრება 15 წლისამ დავიწყე. აი ამ სახლში (იგულისხმება კოლხური კოშკი. კ.ა.) მუდამ საქართველოზე იყო ლაპარაკი… იკრიბებოდნენ მწერლები, მეცნიერები… გარეთ რომ ვერაფერს ამბობდნენ, აქ ბჭობდნენ, ჭირისუფლობდნენ და გულს იოხებდნენ…მე აქ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა აკადემია გავიარე და მისი ღალატი არასოდეს მიფიქრია… ადამიანში არის რაღაც, რასაც ვერაფრით შეცვლი ალბათ, ესაა ბედისწერა. მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზე,, ამბობდა ზვიადი.

დიდი ლიდერების ცხოვრებაში ზოგჯერ დგება სწორედ ასეთი საბედისწერო პერიოდი, როდესაც ან უნდა გაიმარჯვო, ან ბრძოლაში უნდა მოკვდე… და ამ ორი დილემიდან, ორივე უზრუნველჰყოფს მათ ისტორიულ სიდიადეს… ალბათ ყველასთვის არსებობს მესამე გზაც – რომელიც საშიში მოვლენების ეპიცენტრიდან უსაფრთხო მანძილზე დისტანცირებას და საკუთარ სიცოხლეზე უფრო მეტ ზრუნვას ნიშნავს… თუმცა ასეთი გზა – ისტორიაში რიგითი ლიდერის პოზიციაა… ზვიად გამსახურდია, ქვეყნის ისტორიაში რიგითი ლიდერი ვერ იქნებოდა! დღეს, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 82 წელი შესრულდა ” – წერს ჟურნალისტი კახა ადამია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიარუსთავში კაცი მაღაზიაში შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილზე ფიზიკური ძალადობა სცადა