კაკაურიძე სტუდენტების დავალიანებაზე: მის განულებაში არ გადავიხდით 40 მილიონს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სტუდენტებისთვის დავალიანების განულებაში 40 მილიონს არ გადაიხდიან. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ უნივერსიტეტებს სახელმწიფოს მხრიდან, დაახლოებით, 20%-ის დაფარვა შესთავაზეს.

“30 000 სტუდენტს გაუნულდება დავალიანება, ამ დავალიანების განულებაში არ გადავიხდით 40 მილიონს. 20%, რაც კერძო უნივერსიტეტებთან შეთავაზება უკვე მოხდა, 20%-ზე რომელი უნივერსიტეტიც დათანხმდება – “4 წელი რომ ვალი აქვს ჩემთან სტუდენტს და არ გადაუხდია ეს ვალი, მე მიღირს, რომ მისი 20% გადამიხადოთ და ჩამოვაწერო”. თუ რომელიმე უნივერსიტეტი არ დათანხმდება, ვნახოთ, თუ რომელიმეს არ უღირს… მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უნივერსიტეტისთვის ფინანსურად ეს იქნება მისაღები პირობა”, – განაცხადა მან.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე მთავრობაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს. როგორც ფორმულას წყარომ განუცხადა, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოსთხოვეს, რომ დავალიანება, რომლის გადახდის პირობაც მთავრობამ რამდენიმე დღით ადრე გასცა, თავად დაეფარათ.

15 სექტემბერს, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მეორე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვა დააანონსა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებოდათ.

banner
წინა სტატიაშიმალიში კატასტროფა განიცადა Ил-76-მა, 140-მდე “ვაგნერელი” დაიღუპა
შემდეგი სტატიაილია მეორე – ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გამთლიანებულ საქართველოს