20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

კაია კალასი: ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ

ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს.

მისი თქმით, რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს.

კვიპროსში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს, ჟურნალისტის კითხვაზე, მოლაპარაკებების შემთხვევაში რა იქნება შინაარსობრივი ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, კალასმა უპასუხა:

„ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინე, სადაც ჩამოვთვალე ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შევძელი – დაწყებული რუსეთის მხრიდან იმ საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემით, რომლებითაც რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, არ დაესხას თავს მეზობლებს და პატივი სცეს მათ სუვერენიტეტს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ასახავს იმ დათმობებს, რასაც უკრაინისგან ითხოვდნენ – მაგალითად, შეიარაღებული ძალების შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუ ეს შეთანხმებაში აისახება, გარკვეული ვალდებულებები რუსეთსაც უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ფართო შეშფოთების საკითხებიც. თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, მაგრამ ასეთივეა რუსეთის მიდგომაც, რომელიც მაქსიმალისტურ პრეტენზიებს აყენებს.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი განმარტავს, თუ რატომ გაუსწორდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სამართალდამცავები