18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

კაია კალასი: დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის განცხადებით, დემოკრატია თავისუფალი პრესის გარეშე ვერ იარსებებს.

მისი თქმით, დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. მედიაზე წვდომა, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, „დამატებითი სიკეთე“, კი არა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია.

,,საერთაშორისო სამართალი ნათელია: ჟურნალისტები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცულნი. მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი პროფესიული მოვალეობების თავისუფლად შესრულება, არასათანადო ჩარევის, ძალადობის, შევიწროების, დაშინების, დევნის ან გაძევების შიშის გარეშე. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია კონფლიქტის ზონებში, სადაც ჟურნალისტები ნათელს ჰფენენ ომის რეალობას, მათ შორის სისასტიკეს და პოტენციურ ომის დანაშაულებს.

მთელ მსოფლიოში ჟურნალისტების მკვლელობა, დაჭრა და მუქარა, ასევე თვითნებური დაკავება, იძულებითი გაძევება და გაჩუმება შოკისმომგვრელ რეალობად იქცა. ჟურნალისტი ქალები ბევრად უფრო ხშირად არიან გენდერული ძალადობის სამიზნე, მათ შორის ონლაინ შევიწროებისა და შეურაცხყოფის, რაც კრიტიკულ ხმებს კიდევ მეტად აჩუმებს. 2025 წელი მსოფლიოში ჟურნალისტების მკვლელობების თვალსაზრისით ყველაზე უარესი წელი იყო. ჟურნალისტებისა და მედია პროფესიონალების მკვლელობები – როგორც ეს ვნახეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში; ბოლო დროს ღაზაში, ლიბანში, ასევე აფრიკაში – სრულად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

გარდა ამისა, ინფორმაციის მიღების უფლება მზარდი საფრთხის ქვეშაა. დაშინება – ინტერნეტ და რეალურ სივრცეებში, საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPPs) ჩათვლით – ჟურნალისტებს შორის თვითცენზურის განვითარების რისკს ქმნის. ვგმობთ მთელ მსოფლიოში ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ დაშინებასა და რეპრესიებს, განსაკუთრებით ირანის რეჟიმის ძალადობასა და რეპრესიებს. მთავრობებმა უნდა შექმნან მყარი სამართლებრივი ჩარჩო, რათა დაიცვან თავიანთი ჟურნალისტები სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენებისგან. დღეს უცხოელი კორესპონდენტების ქსელების შემცირება ქმნის მხოლოდ გაზრდილ ვაკუუმს საშიში, დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის. პარალელურად, საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც თავს მედიად წარადგენენ, ავრცელებენ ყალბ ამბებს და იმეორებენ ხელისუფლების ნარატივებს, იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ. შედეგად, მოქალაქეები ახალ ამბებად შენიღბული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ სულ უფრო მეტად ექცევიან.

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას – თავისუფალი, პლურალისტური, დამოუკიდებელი და ხარისხიანი ჟურნალისტიკა ამ მზარდი ზეწოლისგან დაიცვას. დემოკრატიის ევროპული ფონდის მსგავს ორგანიზაციებთან პარტნიორობით მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ პლატფორმებსა და ჟურნალისტებს. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ძალისხმევას ჟურნალისტებისა და მედიის სფეროში მომუშავეების დაცვის მიმართულებით გლობალურად, მათ შორის იუნესკოსთან თანამშრომლობით. ასევე, რეგიონულ დონეზე, ევროკავშირი თანამშრომლობს სხვა ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის საბჭო და ეუთო, ჟურნალისტების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დასაცავად.

ევროკავშირი პრესის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს როგორც საკუთარ სივრცეში, ასევე მთელ მსოფლიოში,-აცხადებს კაია კალასი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: 2024 წლის ოქტომბრიდან 181-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, 26 დააკავეს, 20-ზე მეტი მედია საშუალება კი დაადუმეს
შემდეგი სტატიათბილისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა იმართება