ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მისი ძმისშვილის, ხამზატის დანიშვნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.
„ძვირფასი ძმისშვილი ხამზათ კადიროვი დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე“, – განაცხადა მან.
5 ივნისს კადიროვის ძმისშვილი ადამ ჩერხიგოვი გახდა ჩეჩნეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ციფრული განვითარების მინისტრი. როგორც ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა თქვა, ჩერხიგოვი ადრე იკავებდა რესპუბლიკის სკოლამდელი განათლების სამთავრობო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ხოლო მამამისს ის თანამდებობა ეკავა, რომელზეც ახლა დაინიშნა.
ექვსი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ჩეჩნეთში თანამდებობა მემკვიდრეობით მიიღება. რამზან კადიროვის სულ ცხრა ნათესავი ახლა თანამდებობებს იკავებს ჩეჩნეთის მთავრობაში. 21 მაისს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ისა თუმხაჯიევი, კადიროვის სიძე. გასული წლის ნოემბერში თუმხაჯიევი მამის, აბუბაქარ თუმხაჯიევის ნაცვლად, საავტომობილო გზების მინისტრად და რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.