კადიროვის წინადადებით, ობამას ნობელის პრემია უნდა ჩამოერთვას და პუტინს გადაეცეს

ჩეჩნეთის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნობელის პრემია დაიმსახურა – რუსულ პრესასთან საუბარში თქვა.
„სხვა ვინ იმსახურებს? არც მერკელი და არც ობამა“ – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა შეკითხვაზე პასუხად, თუ ვის გადასცემდა ამ საერთაშორისო პრემიას. მისი თქმით, „საუკეთესო პოლიტოლოგები, სწავლულები, ინსტიტუტები, რუსეთის პრეზიდენტს ვერ დაეწევიან, იმდენად ძლიერი სტრატეგია აქვს და იმდენად ჭკვიანურად მოქმედებს, ისე გადაჭრით იღებს გადაწყვეტილებებს. გენიოსი ზის და ყველაფერს ის წყვეტს“ – განაცხადა კადიროვმა პუტინზე.
მან ბარაკ ობამა ახსენა და განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერმა რამდენიმე სახელმწიფო გაანადგურა და ასობით ათას ადამიანს კლავს, მაგრამ დემოკრატიაზე ლაპარაკობს და თან ნობელის პრემია აქვს. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ეს „უბრალოდ სასაცილოა“.
25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად რამზან კადიროვი დანიშნა. მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა 5 აპრილს იწურებოდა. ბრძანებაზე ხელის მოწერისას პუტინმა კადიროვს უთხრა, რომ იმედი აქვს რომ კადიროვი სექტემბრის ჩეჩნეთის არჩევნებზე გამოცხადდება.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურად 2011 წლის 5 მარტს დაინიშნა. 2016 წლის 18 სექტემბერს ჩეჩნები ქვეყნის მეთაურს თვითონ აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ნოდარ ებანოიძემ ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიასაუდის პრინცმა ნავთობზე ფასები გაანადგურა