“კაცი გაეროდან” და სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა

“ბიბისიმ” ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტების გამგზავრების საორგანიზაციო მიმოწერა შეისწავლა – სამივე ჟურნალისტი მანქანაში ჩაცხრილეს. როგორც “ბიბისიმ” გაარკვია, რუსეთის გამოძიებათა მართვის ცენტრის რედაქცია (რომელსაც მიხეილ ხადარკოვსკი აფინანსებდა), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე სამი კვირით ადრე ეკონტაქტებოდა პირს, სახელად მარტინი, რომელსაც რუსი ჟურნალისტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს მისიის თანამსრომლად თვლიდნენ. მარტინმა აიღო თავის თავზე ჟურნალისტების ქვეყანაში ჩასვლის საორგანიზაციო საკითხები, მაგრამ ჟურნალისტებს მაინც არ შეხვდა.

ალექსანდრ რასტორგუევი, ორხან ჯემალი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 30 ივლისს მოკლეს. როგორც “ბიბისიმ” დაადგინა, საცხოვრებელ სახლთან, მძღოლთან, თარჯიმართან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, სამთავრობო კონტაქტები, მივლინების მომზადება და სხვა საკითხები გამოძიებათა მართვის ცენტრმა ვინმე მარტინთან შეათანხმა. ჟურნალისტების მკვლელობის შემდეგ მარტინი კონტაქტზე არ გამოსულა, ის არ პასუხობდა ზარებს და შეტყობინებებს. გამოძიებათა მართვის ცენტრი მას და მძღოლს ყველაზე მნიშვნელოვან მოწმეებად თვლის ჟურნალისტების მკვლელობის საქმეში.

“ბიბისის” ხელში ჩაუვარდა მარტინისა და გამოძიებათა ცენტრის პროდიუსერის მიმოწერა WhatsApp-ში. რედაქციამ იცის ვინ აწარმოებდა მიმოწერას და ის ავტორთან შეთანხმებით ქვეყნდება, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტის სახელს, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ აქვეყნებენ. დადასტურებულია, ასევე მიმოწერის ავთენტურობა.

გამოძიებათა ცენტრის პროდუსერი მარტინთან კონტაქტზე გამგზავრების თარიღამდე თითქმის ერთი თვით ადრე გავიდა. მან მარტინს მიწერა, რომ მისი საკონტაქტო ჟურნალისტ კირილ რომანოვსკისგან აქვს და სთხოვა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მივლინების სირთულეებზე გაეზიარებინა ინფორმაცია.

პირველ შეტყობინებაზე WhatsApp-ში, რომელიც 9 ივლისს არის გაგზავნილი, მარტინი თითქმის 24 საათის შემდეგ, 10 ივლისს საღამოს პასუხობს და რუს პროდუსერს სთხოვს WhatsApp-ით იკონტაქტონ, რადგანაც მობილური კავშირი სრულფასოვანი სატელეფონო დიალოგისთვის არ ივარგებდა. მარტინმა მზაობა გამოთქვა ჟურნალისტებს დახმარებოდა. “ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ” – დაწერა მან.
გამოძიებათა ცენტრის პროდიუსერი მარტინს მოუყვა, რომ გადამღებ ჯგუფში სამი ადამიანი იქნება – ფილმის ავტორი, რეჟისორი და ოპერატორი. იქვე განმარტება გააკეთა, რომ რუსი დაქირავებულების გადაღებას არ აპირებს, რომლებიც სავარაუდოდ, იქ მუშაობენ, და აღიარა, რომ რედაქციას არც რუსეთის ხელისუფლებისგან და არც თვითონ დაქირავებულებისგან ამის ნებართვა არ ჰქონდა.
პროდიუსერმა მისწერა, რომ ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ორი კვირით მიდის, 29 ივლისიდან 15 აგვისტომდე. შემდეგ დიალოგი ასე წარიმართა:

პარასკევი, 20 ივლისი. 8 დღე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასვლამდე:

მარტინი: როგორც მთხოვეთ, ვიშოვე სახლი, რომელიც 1850 დოლარი დაგიჯდებათ ორი კვირით. ასევე, ვიპოვე თარჯიმანი, რომელიც, ამავე დროს მძღოლიც იქნება. ის ბანგიში დღის განმავლობაში 90 დოლარს აიღებს თქვენგან, ქალაქის გარეთ კი 150 დოლარს. მზად ვარ გულითადი მიღებისთვის. მარტინი.
პროდიუსერი: დიდი მადლობა. ძალიან ვაფასებთ! ჩვენ ვადასტურებთ გამგზავრებას და ვფიქრობ, თქვენი სახლი და მძღოლი ეს ის არის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება.

სამი დღის შემდეგ გამოძიებათა ცენტრის პროდიუსერი მარტინს ახალ შეკითხვებს უგზავნის. ის ყველას ერთდროულად უშვებს 23 ივლისს. გამგზავრებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, ჟურნალისტების აფრიკაში ჩასვლის ფაქტიურ დღემდე კი ხუთი დღე. მარტინმა შეკითხვებს ერთი შეტყობინებით უპასუხა მომდევნო დღეს, დილით.

ორშაბათი, 23 ივლისი. 5 დღე გადამღები ჯგუფის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასვლამდე.
პროდიუსერი: მარტინ, ჩვენ კიდევ რამენიმე შეკითხვა გვაქვს. 1. ჯგუფის სამუშაოდ რომელი ლეგენდა სჯობს? კინოს წარმომადგენლები, ტურისტები თუ ბიზნესმენები ან გაეროს თანამშრომლები. 2. რომელ ვალუტაში სჯობს თანხის ქონა (დოლარი, ევრო, ცენტრალურ-აფრიკული ფრანკი)? სჯობს თანხა ხელზე ჰქონდეთ თუ ქვეყანაში არის ბანკომატები? 3. როგორ შეგვიძლია აღმოსავლეთსა და ნდელეში, ჩრდილოეთით ალმასის შახტებს მივუახლოვდეთ, მანქანით თუ თვითმფრინავით? (ნდელე ბანგიდან 648 კმ-შია და მასში სამოქალაქო ომის შემდეგ ამბოხებულები არიან – ბიბისი), 4. სად ჩერდებიან და ერთობიან რუსები? 5. გყავთ თუ არა ადგილობრივ ჩინოვნიკებში ნაცნობები, რომლებიც რესპუბლიკაში რუსების ყოფნაზე მოგვიყვებიან?

მარტინი მომავალ დილით პასუხობს:
გამარჯობა. 1. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ, რუსი ტურისტები იყოთ. ადგილობრივებს კარგი ურთიერთობა აქვთ რუსებთან და შეკითხვებს არ სვამენ. თუკი რუსი ჟურნალისტების აკრედიტაცია გაქვთ, ეს დაგეხმარებათ. 2. უკეთესია წამოიღოთ დოლარები ან ევრო, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ დოლარი 2006 წელზე ადრე არ უნდა იყოს გამოშვებული. უფრო ძველის გადახურდავება გაგიჭირდებათ. 3. თუკი გსურთ დედაქალაქიდან შორს წახვიდეთ, ამბოხებულებს უნდა დაეკონტაქტოთ, რომ მოგზაურობის ნებართვა აიღოთ. ერთადერთი საშუალება იქ მოხვდეთ, არის მანქანა. მაგრამ ეს თითქმის ხუთ დღეს დაიკავებს. მაგრამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ, რომ ამბოხებულები გადაიღოთ და მათგან მიიღოთ ინფორმაცია. 4. რუსები ძირითადად საკუთარ ბაზებში ცხოვრობენ. ზოგჯერ ქალაქის კაფეებში შესაძლებელია მათი ნახვა. 5. მე გაგაცნობთ რამდენიმე ჩინოვნიკს, რომლებიც ინფორმაციას მოგაწვდიან. გთხოვთ, მომწერეთ ბანგიში გამოფრენამდე მინიმუმ ოთხი დღით ადრე.

გამოძიებათა ცენტრის პროდიუსერმა მარტინს ორი დღის შემდეგ უპასუხა. მათ მარტინის და ჟურნალისტების შეხვედრის დეტალებზე დაიწყეს მოლაპარაკება. ამ მომენტისთვის პროდიუსერმა ჯერ არ იცოდა, რომ ავიაკომპანია რეისს გადაიტანდა, რომლითაც ჯამალი, რასტორგუევი და რადჩენკო მიფრინავდნენ. ამის გამო ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 28 ივლისს ჩაფრინდებიან, ანუ, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე.

ხუთშაბათი, 26 ივლისი. 2 დღე ჯგუფის აფრიკაში ჩასვლამდე
პროდიუსერი: მარტინ, მადლობა ინფორმაციისთვის! ჩვენი ჯგუფი ბანგიში 29 ივლისს დილით 7.25 წუთზე ჩაფრინდება მაროკოს რეისით. მათ სურვილი აქვთ თქვენ დახვდეთ აეროპორტში. არის იმის საშუალება, რომ მათი წაყვანა მოხდეს აეროპორტიდან პირდაპირ სახლში, რომლიც თქვენ მოძებნეთ? ან გთხოვთ, გვითხრათ, სად და როდის შეიძლება თქვენთან შეხვედრა.

მარტინი: დილა მშვიდობისა! 29-ში მე ისევ ვიქნები ბამბარში. ამის მიუხედავად თარჯიმანი (რომელიც, ასევე მძღოლია) თქვენ აეროპორტში შეგხვდებათ. მას ბენვენიუ ქვია. მას ხელში ეჭირება დაფა, თქვენი სახელებით და პირდაპირ ვილაში გადაგიყვანთ. შეგახსენებთ, რომ ის თქვენგან აიღებს 50 ათას ცენტრალოაფრიკულ ფრანკს (93 დოლარი) ქალაქში და 80 ათას ცენტრალოაფრიკულ ფრანკს (148 დოლარი) ქალაქ გარეთ. ასევე, თქვენ მას ბენზინი უნდა ჩაუსხათ. ვილა დაგიჯდებათ დაახლოებით მილიონი ცენტრალურაფრიკული ფრანკი (1850 დოლარი) ორი კვირით. კუსრი 540 ფრანკი – ერთი დოლარი. გადაცვლა შეგიძლიათ სასტუმრო Ledger-ში. ყველა შემთხვევაში ბენვენიუ დაგეხმარებათ. თუკი ჯერ ისევ გაინტერესებთ ოქროს/ალმასის/ურანის შახტები ბამბარის რეგიონში – მე ადგილობრივებისგან მგზავრობის ნებართვა მივიღე. შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ მას შემდეგ, რაც ბანგიში მოხვალთ. მძღოლმა იცის გზა. თუ გინდათ იქ მოსვლა, უბრალოდ, ბენვენიუს უთხარით, ის დამიკავშირდება და მე იქ დაგელოდებით. მარტინი.

პროდიუსერმა მარტინს მაშინათვე მადლობა გადაუხადა და მისგან დააზუსტა, ბანგიდან ბამბარიმდე გზა რამდენ საათს დაიკავებდა და იქვე აღნიშნა, რომ ჯგუფს ჯერაც აინტერესებს შახტები. პარასკევს მარტინმა უპასუხა – დღენახევრის სასიარულოა, მაგრამ ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. მან პროდიუსერს ბენვებიუს ტელეფონის ნომერი მისცა და უთხრა, რომ ბამბარიში 3 აგვისტომდე იქნება.

ზუსტად ბამბარისკენ გზაში ჩაცხრილეს რადჩენკო, ჯემალი და რასტარგუევი. მძღოლი ბენვენიუ ცოცხალი გადარჩა და ცენტრალური აფრიკნის რესპუბლიკის ჩინივნიკების თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ის დაკავებულია, როგორც მნიშვნელოვანი მოწმე.

შაბათს, 28 ივლისს გამოძიებათა ჯგუფის ჟურნალისტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩაფრინდნენ.

პროდიუსერი: მარტინ, საგანგებო მდგომარეობაა. ჯგუფი ბანგიში ხვალ დილით იქნება (რეისის გადატანა – ავიაკომპანიის გადაწყვეტილება). ბენვენიუ არ პასუხობს. შეგიძლიათ სახლის მისამართი მოგვცეთ, სადაც უნდა განთავსდეს ჯგუფი? ისინი შაბათს, 28 ივლისს დილით 7.25 საათზე იქნებიან.
მარტინი შაბათს დილით პასუხობს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე.
მარტინი: ჯგუფი ისევ აეროპორტშია? როგორ ვიპოვო ისინი?
პროდიუსერი: გამარჯობა. ისინი ახლა ბანგიში არიან. ვფიქრობ, მათ უნდა დაუკავშირდეთ.
მარტინი: და სად არიან ზუსტად რომ მითხრათ. მანქანას გამოვუშვებ.
პროდიუსერი: ისინი მოგწერენ. ახლა სასტუმრო “ნაციონალში” არიან. თვითონ მოგწერენ. ან, გთხოვთ, თქვენ მიწერეთ.
მარტინი: მანქანა გავაგზავნე.

ეს მარტინისგან უკანასკნელი შეტყობინებაა. ის მან ადგილობრივი დროით 9.49 საათზე გააგზავნა. რუსი პროდიუსერის შემდეგი ოთხი შეტყობინება მან წაიკითხა, მაგრამ არ უპასუხია. პრიდიუსერს აინტერესებდა, არის თუ არა უსაფრთხო “ნაციონალში” გაჩერება და ეუბნებოდა, რომ ჟურნალისტებს მასთან დაკავშირება არ შეუძლიათ WhatsApp-ზე. მესენჯერის მონაცემებით, მარტინმა შეტყობინებები წაიკითხა.
31 ივლისს გაგზავნილი პროდიუსერის შეტყობინებები WhatsApp-ზე აღნიშნულია როგორც წაუკითხავი.

31 ივლისი. ჯგუფთან კავშირი გაწყდა.
პროდიუსერი:
9.19: გამარჯობა, მარტინ. ჩვენი ჯგუფი გუშინ ბამბარის გზაზე იყო, მაგრამ ისინი ჯერაც ქსელში არ არიან. ისინი თქვენ დაგიკავშირდნენ?
17.36: მარტინ, გამარჯობა.
17.38: ხაზზე ხართ? მედია წერს, რომ სამი რუსი ჟურნალისტი მოკლულია. რუსული სააგენტოები წერენ, რომ მათ პრესის ბარათი ჰქონდათ.
20.13: ბიჭებს თავს დაესხნენ ბამბარის გზაზე. სამივე მოკლულია.

ვინ არის მარტინი და საიდან მოვიდა ის?

მარტინი გამოძიებათა მართვის ცენტრს რუსულმა “ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს” ჟურნალისტმა კირილ რომანოვსკიმ ურჩია. მან მარტინს ცენტრალური აფრიკის საკითხებში “სპეციალისტი” უწოდა, რომელიც გაეროს მისიის თანამშრომელია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
რომანოვსკის მოგზაურობის ორი მონაწილე კირილ როდჩენკო და ალექსანდრ რასტორგუევი იცნობდნენ. ეს უკანასკნელი მოუყვა რომანოვსკის დაგეგმილი მოგზაურობის შესახებ.

“ახალი ამბების ფედერალური სააგენტო” არაერთხელ დაუკავშირებიათ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან, რომელსაც მედია “ტროლების ფაბრიკის” მფლობელს უწოდებს (რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ მსოფლიოში – რედ.) და ასევე, როგორც ამბობენ პრიგოჟინია “კერძო კომპანია ვაგნერის” სპონსორი, რომლის საქმიანობის გამოძიებას გეგმავდნენ გარდაცვლილი ჟურნალისტები.
გამოძიების ცენტრში ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, ჟურნალისტები რომანოვსკის ენდობობდნენ, შესაბამისად, ენდნენ მარტინსაც.
არც რასტორგუევს, არც რადჩენკოს ეჭვი არ გამოუთქვამთ იმის გამო, რომ დახმარებას სთხოვენ ადამიანს, რომელიც პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში ზუსტად იმ საქმიანობის გამოსაძიებლად მიდიოდნენ, რომელიც ამ ბიზნესმენს ეხებოდა.

უცნობია, არსებობს თუ არა მარტინი სინამდვილეში. რომანოვსკიმ დაადასტურა, რომ მან მისცა კოლეგებს მარტინის საკონტაქტო მონაცემები, ასევე, თქვა, რომ მარტინის გვარი არ იცის.

თავის მხრივ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს მისიამ 1 აგვისტოს განცხადება გააკეთა, რომ მათ “არ ყავთ კონსულტანტი მარტინი”.
გამოძიების ცენტრის თანამშრომლებს მარტინთან ტელეფონზე არასდროს უსაუბრიათ, მათ არ იციან მისი გვარი, არც ის, თუ როგორ გამოიყურება. მისი ტელეფონი გათიშულია.

სერვისის მონაცემებით, რომელიც გაჩვენებთ, რა სახელით ინახავენ ადამიანები საკუთარ სატელეფონო წიგნში ამა თუ იმ ტელეფონის ნომერს, ერთმა ადამიანმა მარტინის და მძღოლის ნომერი სახელების მაგივრად ციფრებით აღნიშნა. მარტინის ტელეფონი შენახულია როგორც 2940, მძღოლის კი – 2941. ამასთანავე, თვითონ ნომერებში მსგავსი ციფრები არ ურევია.

გამოძიების ცენტრის პროდიუსერმა მარტინის ვინაობის გადამოწმებისა და დადგენის გარეშე იმ საკითხების მოგვარება დაიწყო, რაც სამოგზაუროდ აინტერესებდათ.
გუშინ გავრცელდა, რომ მიხეილ ხადარკოვსკიმ გამოძიებათა ცენტრს არაპროფესიონალური მუშაობისთვის, რომელიც რუსი ჟურნალისტების დაღუპვას უკავშირდება, დაფინანსება შეუწყვიტა. ამასთანავე, შექმნა ცალკე საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გამოიძიებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში პუტინზე ელცინის და კლინტონის გაშიფრული საუბარი გამოაქვეყნეს 
შემდეგი სტატიადონეცკში სეპარატისტების ლიდერი მოკლეს