თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და საგამოძიებო უწყებას საქმის მიჩუმათებასა და დამნაშავეების ხელის დაფარებაში ადანაშაულებს. პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოს საქმის რეალური გარემოებების დადგენის სურვილი არ აქვს.
„ცოცხალი თავით არ უნდათ, ეს საქმე გამოიძიონ. ვისზე გადის, ვინ დგას ამის უკან… ფაქტი ჩანს, როგორც ხელის გულზე, რომ მომიკლეს შვილი. არ იძიებენ ამ საქმეს. გამოვედით და საბოლოოდ შევატყვე… შევატყვე, არ უნდათ გამოძიება ამ საქმის“, — აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
გარდაცვლილის მამა უწყებას კონკრეტული პირების მიმართ უმოქმედობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროკურატურა მოწმეებზე შესაძლო ზეწოლასა და მნიშვნელოვან ჩვენებებს იგნორირებას უკეთებს.
გარდაცვლილის ოჯახის პროტესტი პროკურატურის იმ ოფიციალურ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.














