ჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტად. მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებო შესაძლებლობები, რომელსაც შვეიცარია უწყების თანამშრომლებისთვის რეგულარულად უზრუნველყოფს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა და შვეიცარიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია„ნატოსთან კონსულტაციის გარეშე“ – ჯონსონი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯს გადადგამს