ჯოზეფ ბორელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადება – ნავალნი პუტინმა და მისმა რეჟიმმა მოკლეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ევროკავშირის ლიდერები მომხდარში პუტინს და მის რეჟიმს ადანაშაულებენ.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, უზრუნველყოს ნავალნის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ასევე არაერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება ნავალნის მიმართ სასტიკი მოპყრობის, უსაფუძვლო და უკანონო დისციპლინარული ზომებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის გამო, რაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ტოლფასი იყო. ის ნელ-ნელა მოკლეს პუტინმა და მისმა რეჟიმმა, რომელთაც არაფრის ეშინიათ იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარი ხალხის განსხვავებული აზრისა. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ პასუხი ვაგებინოთ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მთავრობას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაადგინოს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს დანარჩენი პოლიტპატიმრები“, – ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიფრიდი: მთავრობამ, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, პუტინს არ აქვს კარგი განზრახვები საქართველოსადმი
შემდეგი სტატიასუს-მა ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა