ჯორჯ კენტი – საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის მიერ

თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-მა მკაფიოდ უთხრა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ახლა დროა, ორივე მხარემ უარი თქვას პარტიულ ინტერესებზე და ფოკუსირებული იყოს ეროვნულ საკითხებზე, როგორებიცაა შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობა კავკასიაში და „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აღდგენა.

„საქართველოში, რომელიც დიდი ხანია, არის აშშ-ის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში, რომელსაც წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, იბრძვის ნატო-ს ხელმძღვანელობით მომუშავე მისიებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, ნაცვლად კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და ნაცვლად „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობისა, საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად არის ფოკუსირებული შიდაპოლიტიკურ დრამაზე. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას აქვს. დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის. თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფვოდა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისკენ, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატო, ახლა კი გამოდის, რომ პოლიტიკური ლიდერები დემოკრატიული ღირებულებების მოდელს არ მიჰყვებიან, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მთავარ წინაპირობას ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაზე სერიოზული დიალოგის გასამართად. ვფიქრობ, ახლა საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა და კითხვა საით სურთ მათ ქვეყნის წაყვანა, რაც ხუთი წლის წინ საერთოდ არ იყო ისეთი ინტენსიური სასაუბრო თემა, როგორც ახლა არის. აქვე, იმის საჩვენებლად რამდენად დიდია ამ საკითხის რეზონანსი ვაშინგტონში, პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პიროებებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხზე გაიმართა. არა ავღანეთზე და ერაყზე, არამედ საქართველოს საკითხზე. ეს 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და იყო ომი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

banner
წინა სტატიაშიბენ ჰოჯესი – რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც
შემდეგი სტატიაკენტი – პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას აქვს