ჯორჯ კენტი -ჩვენ გვექნება პარტნიორობა და ვიმუშავებთ მთელ პოლიტიკურ სპექტრთან

არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

„ვფიქრობ, ძალიან დიდი სივრცე არსებობს, რათა აშშ-მა და ევროკავშირმა განაგრძონ ერთად მუშაობა. ჩემი აზრით, არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ შემდეგ ორ კვირაში ვაშინგტონიდან სასწრაფო ვიზიტით ვინმე გაემგზავრება თბილისში. ჩვენ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ჩვენი და ევროკავშირის ელჩის დახმარებით, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. ჩემი აზრით, ის ელემენტები, რომლებზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ისაუბრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან, ასევე იყო წარმოდგენილი ელჩების ფასილიტაციით გამართულ მოლაპარაკებებზეც, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, იმართება. ასე რომ, ჩემი აზრით, ამ დიალოგის ელემენტები უკვე დიდი ხანია ცნობილია“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

მისი თქმით, ორივე მხარის მხრიდან დანაკლისია პოლიტიკური ნების თვალსაზრისით.

„თუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ საქართველოს მომავალზე, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ გაყოფილი პოლიტიკური ველის ორივე მხარეს თანხმდებიან საქართველოს სამომავლო გეზზე. ეს გამოხატულია ყველა სოციოლოგიურ კვლევაში, როგორც NDI-ს ბოლო კვლევა აჩვენებს, საქართველოს მოსახლობის 75 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ამაში ხედავენ საქართველოს მომავალს. ჩემი აზრით, აშშ-სა და ევროპის დიალოგი იქნება ძლიერი და შეეხება სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, საქართველოს, ასევე კავკასიას, ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ შექმნილ მდგომარეობას, ირანს, ბელარუსს, უკრაინა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება პარტნიორობა და ვიმუშავებთ მთელ პოლიტიკურ სპექტრთან. მე არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს უნდა იყოს სრულად ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისში, ჩვენი მხარდაჭერითა და წაქეზებით“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

banner
წინა სტატიაში“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა
შემდეგი სტატიაზალკანიანი: რეგიონში ახალი პროცესები მიმდინარეობს და საქართველომ მოწინავე პოზიციები უნდა შეინარჩუნოს