აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, „ატაკამსის“ (ATACMS) ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.
კირბის თქმით, აშშ-მა „მართლაც შეცვალა მითითებები“ „ატაკამსის“ რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით და ახლა უკრაინელებს შეუძლიათ, „მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ“.
„ახლა მათ შეუძლიათ „ატაკამსის“ გამოყენება თავდაცვისთვის დაუყოვნებელი საჭიროების შემთხვევაში. როგორც ვხედავთ, ეს ხდება კურსკის ოლქში“, – განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, მანამდე რამდენიმე მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას. უკრაინამ „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე პირველად 19 ნოემბერს გამოიყენა.