ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სურს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ნეგატიური ტრაექტორია. თუმცა ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საფასურს დავაკისრებთ რუსეთის მთავრობას ქმედებებისთვის, რომლებიც ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული.

დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კერძოდ, ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ აძევებს ქვეყნიდან ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ამასთან, სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის.

ასევე, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.

ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კომპანია „სოლარვინდის“ წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აკისრებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ფრენებს 18 აპრილიდან ანახლებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა