ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი. ამის შესახებ ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ, რომ მან შეძლოს თავის მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ყოფნა. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დააბრუნოს ბრიტნი და პოლ უილანი სახლში უსაფრთხოდ, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.

რაც შეეხება პოლ უილანს, ყოფილი საზღვაო ქვეითი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის ივნისში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი – მნიშვნელოვანია, საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ ნათლად უთხრან – ჩვენ თავს დავიცავთ, ძალა თავიდან იცილებს ომს