ეს არის ქვეყანა და ხალხი, რომელიც შეერთებული შტატების გვერდით იდგა, და ახლა დროა, ჩვენც დავდგეთ მათ გვერდით, – ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„სწორედ ამიტომ არის ასეთი შემაშფოთებელი ის, რაც ქვეყანაში ხდება, და რატომ გვჭირდება ჩვენი მთავრობის მხრიდან ქმედებები, რომ დაგმოს ის, რაც იქ ხდება“, -ამბობს სენატორი.
შაჰინი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ის იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ აშშ არ აკეთებს საკმარისს.
„რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები? როგორ ვეხმარებით ქართველ ხალხს?მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს. ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ მომენტზე შესაბამისად მოქმედებას და ამ მოწოდებაზე პასუხის გაცემას. „ქართულ ოცნებას“ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება თავიანთი ქმედებებისთვის, როდესაც ისინი უგულებელყოფენ ხალხის ნებას და პუტინის ავტორიტარულ სახელმძღვანელოს მიჰყვებიან. არის დოკუმენტირებული ადამიანის უფლებების დარღვევები, მაგრამ ხაზინის დეპარტამენტმა არ დააწესა სანქციები არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ მათი ქმედებებისთვის. დროა, ადმინისტრაციამ დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე”,-განაცხადა ჯინ შაჰინმა.