ძალიან გამამხნეველი სიახლეებია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სენატორ ჯინ შაჰინის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ო’ბრაიენმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
„მე თბილისში ვიმყოფებოდი ევროკავშირიდან და დიდი ბრიატნეთიდან ჩემს კოლეგებთან ერთად. ასე რომ, ჩვენ წარმოვადგენდით ერთიან ფრონტს. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნეველი სიახლეები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებაზე, იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო საზღვარი. ეს უწყვეტი სამუშაოა, ამასთან დაკავშირებით დიდი დახმარების მიწოდება ხდება. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმასთან დაკავშირებით, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ამაზე უკეთესი წინსლა და შეგვიძლია თუ არა, გვქონდეს უფრო ნათელი ხედვა იმისა, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს აღდგენილ ფრენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.
სენატორი ჯინ შაჰინი ასევე დაინტერესდა, შეუწყობს თუ არა ხელს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში საქარტველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი პირდაპირი ფრენები და არის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზი, რაზეც ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ იცის რა მიდის რუსეთში ამ თვითმფრინავებით.
„არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ არის შესაძლებელი. ასე რომ, ჩვენს გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა მიდის ამ თვითმფრინავებით, როდესაც ისინი უკან, რუსეთში ბრუნდებიან“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.