ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია

ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ჯიხაშკარის #108-ე უბანზე მომხდარ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა და გამოძიება დაიწყო.

“სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი. მის მიმართ ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

უცნობი პირები შეიჭრენ სოფელ ჯიხაშკარის N 108-ე საარჩევნო უბანზეც, გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 163-ე მუხლით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობა ნარჩემაშვილი – 38,42% , გიგი წერეთელი – 37,8%
შემდეგი სტატიაEPDE ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს