ჯერი კონოლი – საქართველომ აჩვენა თავისი თავდადება დასავლეთის ალიანსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას რამდენიმე მიმართულებით აძლიერებს.

მისივე თქმით, საქართველომ აჩვენა თავისი თავდადება დასავლეთის ალიანსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი.

„მე ახლა აქ ვდგავარ, როგორც ამ კანონპროექტის თანაავტორი და აქტიური მხარდამჭერი. კანონპროექტის ორპარტიული მხარდაჭერა, აძლიერებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის უსაფრთხოების გაძლიერების, დემოკრატიული მმართველობის ფარგლებში რეფორმების ხელშეწყობის, რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით. ეს მიზანშეწონილია, რადგან რუსეთი აგრძელებს ტრაგიკულ და სასტიკ შეჭრას სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ჩვენ ვნახეთ 2008 წელს საქართველოში.

დღეს რუსეთის ჯარი ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო ნორმებს არღვევს და სამხედრო დანაშაულს ჩადის უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ის ჯარები არიან, რომლებიც ხელს უწყობდნენ არეულობას, ეხმარებოდნენ სეპარატისტულ მოძრაობებს და არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ნორმებს ბოლო 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც ერთ სულ მოსახლეზე ძალების ნომერ პირველმა კონტრიბუტორმა ავღანეთში და ნატო-ს პარტნიორმა ქვეყანამ, საქართველომ აჩვენა თავისი თავდადება დასავლეთის ალიანსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი“, – განაცხადა ჯერი კონოლიმ.

ჯერი კონოლის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი შეერთებულ შტატებს აძლევს შესაძლებლობას, გამოხატოს ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს დახმარება, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა რუსეთის ძალების შემდგომი შემოჭრის წინააღმდეგ. ეს დოკუმენტი შესაძლებლობას გვაძლევს შეერთებულ შტატებს, გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ჯერი კონოლიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი – „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდისთვის
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ