ჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია რა ხდება მარიუპოლში, ან ვოლნოვახაში. დარწმუნებული ვარ იქ უარესი სურათი დაგვხვდება – ზელენსკი

“ძვირფასო ლიეტუველებო მადლობა რომ მომეცით შესაძლებლობა, უკრაინისთვის ამ მძიმე დროს, უკრაინელი ხალხის სახელით მოგმართოთ. ჩვენს მეგობრებს შორის თქვენ იყავით პირველები, ვინც ჩვენს დასახმარებლად მოვიდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შემოჭრამ, ევროპისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი დააყენა. დაგვაფიქრა ისევ მოქმედებს თუ არა ღირებულებები და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოპოვებული ევროპის ერების ერთიანობა, თუ ამ ერთიანობამ და ღირებულებებმა საკუთარი მოვალეობა უკვე შეასრულეს და დროა ისინი მუზეუმში ექსპონატებად მოვათავსოთ. სამწუხაროდ ყველა ევროპელს ამაზე პასუხი არ აქვს. ვაგრძელებთ იმ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო დანაშაულების გამოძიებას რომელიც ჩვენმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს. სამწუხაროდ ამ დრომდე ვპოულობთ ცხედრებს. ათასობით ადამიანია დაღუპული. ჩვენი ჯარისკაცები და პოლიცია ცხედრებს ხან სარდაფებში, ხანაც საკანალიზაციო შახტებში პოულობენ. ათობით სოფელი განადგურებულია – ცოცხალი არავინ დატოვეს. ასობით ბავშვი დაობლდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. ასობით გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების და ჩვილი ბავშვების. ამაზე საუბარი საშინელებაა, თუმცა ეს სიმართლეა. დადგენილია იმ ჯარისკაცის ვინაობაც, ვინც ჩვილი ბავშვი გააუპატიურა. ვინმე ბიჩკოვი, დესანტი. მან ვიდეო სხვა ჯარისკაცებს გაუგზავნა. ასეთები არიან რუსი ჯარისკაცები, ასე იცავენ ბავშვებს. გაუპატიურებას არ პატიობენ. რუსმა პროპაგანდისტებმა თავის გამართლება უკვე დაიწყეს. აცხადებენ რომ მსგავსი რამე არ მომხდარა, და თუ მოხდა ეს თავის დაცვა იყოო. მსგავს დანაშაულზე პასუხისმგებლობა ყველას დაეკისრება. ყველას, ვინც ეს ჩაიდინა, ან გაამართლა, ან გაამართლებს. მაინტერესებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ან ამ სპეცოპერაციის ავტორები მომხდარს როგორ შეაფასებენ. როგორ გამოეხმაურებიან რუსი სამხედროს, ბიჩკოვის მიერ ჩადენილ დანაშაულს. იქნებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მსგავსი დესანტები თავისი შვილების, შვილიშვილებისა და საკუთარი ოჯახის დასაცავად მიიწვიოს. თუმცა პატივცემულ მინისტრს ამის სურვილი არ ექნება.
სადაც კი რუსები შევიდნენ, გაანადგურეს. ყველგან ადამიანის ცხედრები დატოვეს. მსოფლიომ დაიმახსოვრა ქალაქ ბუჩას სახელი, თუმცა შეგიძლიათ ყველა ქალაქსა თუ სოფელში იგივე სურათი წარმოიდგინოთ. ყველგან ერთიდაიგივეს აკეთებდნენ. რაც შეეხება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს. ჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია რა ხდება ქალაქ მარიუპოლში ან ვოლნოვახაში. დარწმუნებული ვარ იქ კიდევ უფრო უარესი სურათი დაგვხვდება. რუსეთმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს. ყველა ვინც ამ საშინელებაში მონაწილეობდა, ან რაიმე კავშირშია, უნდა დაისაჯოს. რუსეთს მეზობელი ქვეყნების დატერორების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ომი დასრულდეს. დავაწესოთ უფრო მკაცრი სანქციები, დავაწესოთ ემბარგო და შევზღუდოთ რუსული ბანკების მოქმედები. თუ ევროპა იქნება პრინციპული, უკრაინას მალე აღვადგენთ. მოვუწოდებთ თქვენს საზოგადოებას და ბიზნეს კომპანიებს, შემოგვიერთდით უკრაინის აღმშენებლობის პროგრამაში.”

ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ლიეტუვის პარლამენტს.

banner
წინა სტატიაშირუსეთს სპეცოპერაცია ცოტათი რომ დაეგვიანა, დასავლეთი მას გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა – ალექსანდრე ლუკაშენკო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ შეხვედრა გამართა