ჯერ ჩემი შვილის მკვლელები დააკავონ და მერე ჩემი მეუღლე, თუ რამე აქვს ჩადენილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე „იმდენად უტვინო არ არის“, ტელეფონზე ტერაქტის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. მედიკო მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ერთი თვეა, ცდილობდნენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროვოკაციაზე წამოეგოთ.

ჟურნალისტების კითხვაზე, დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს, მედიკო მაჩალიკაშვილმა განაცხადა: „რატომ უნდა დააკავონ, ჯერ ჩემი შვილის მკვლელები დააკავონ და მერე დააკავონ, თუ რამე აქვს ჩადენილი“.

მედიკო მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ერთი თვეა, სოსო გოგაშვილის ახლობლები მას ადამიანებს უგზავნიან, რომლებიც ამბობენ, რომ მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი სოსო გოგაშვილი არ არის.

„გოგაშვილს, ჩემი შვილის მკვლელს დავლოცავთ?! ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ და თუ ჩემი მეუღლე დამნაშავეა, ხელებს ავწევ და ისიც დაისაჯოს. გოგაშვილს, რომელიც ჩემი შვილის მკვლელია, ვეხვეწებოდი, შემხვედროდა. რატომ არ შემხვდა, დამნაშავე თუ არ არის? თვალებს ამოვთხრიდი მაგ მკვლელს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მედიკო მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

banner
წინა სტატიაშისაქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება – მაჩალიკაშვილის საქმის პროკურორი
შემდეგი სტატიაზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს