ენმ-ის ლიდერი ლაშა ფარულავა ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს „არნახულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“ უწოდებს. მისი თქმით, 2 წელი და 6 თვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პირადად ბიძინა ივანიშვილმა „გამოუწერა“.
ფარულავა ხაზს უსვამს საქმეში არსებულ მოწმეებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულება ცინიკურად მოიქცა:
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 2 წელი და 6 თვე ივანიშვილმა გამოუწერა ლევან ხაბეიშვილს. ჯერ აწამეს, ახლა მწამებლების — გდდ-ის (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) წევრების, თანამშრომლების ჩვენებით 2 წლითა და 6 თვით გაუშვეს ციხეში.
ეს არის პოლიტიკური ცინიზმი. ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა აირჩია ოპონენტებთან საურთიერთოდ, რაც სისუსტის ნიშანია. ვინც ებრძოდა კორუფციას, იმას უშვებენ კორუფციული „ქეისით“ ციხეში“, — აღნიშნა ფარულავამ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, ხოლო ყოფილ გენერალურ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას 9 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.















