ჯემალ გამახარია საქართველოს მოსახლეობას ყოვლადწმინდა ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხდომილობის დღეს ულოცავს

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობა წმინდა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა იქადაგეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მისალოც ტექსტში აღნიშნულია: „სიმბოლურია, რომ COVID 19 დამარცხების პერიოდი სწორედ 12 მაისს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობის დღეს ემთხვევა.

სიმბოლურია, რომ ანდრია მოციქული მეთევზე იყო და ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და შემდგომში საბერძნეთში, მცირე აზიაში კიევსა და საქართველოში იქადაგა.
აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე ქრისტიანობა სწორედ წმინდა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა იქადაგეს.
შესაბამის ცნობებს „ქართლის ცხოვრება“ (ლეონტი მროველი) შეიცავს.

უფლის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა“. როცა ღვთისმშობელი საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო, მას უფალი გამოეცხადა და უთხრა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულვებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებელსა და თანა წარატანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილი ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“.
უფლის გამოცხადების შესახებ ღვთისმშობელმა მაშინათვე ანდრია პირველწოდებულს აუწყა: „შვილო ანდრია, დიდად უჩანს სულსა ჩემსა, რომელ ქვეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებელსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და მტერთაგან მძლე ექნას მათ“.
მოციქული ანდრია საქართველოში გამგზავრებას დაეთანხმა. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, „დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობლის ხატი და მის წიაღში განხორციელებული ჩვილი იესო. ღვთისმშობელმა „მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და თქუა: მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა შემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვიდოდე, და მეცა თანა შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებელსა“.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილობის ქვეყანაა და მას ამ განსაცდელშიც განგება იცავს!
გილოცავთ და ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიას,“ – აღნიშნავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია დანერგა
შემდეგი სტატიასარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა