ჯემალ გამახარია: საქართველოს ისტორია იყო და არის დამოუკიდებლობის მოპოვების, მერე მისი დაკარგვის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის და კვლავ აღდგენის, განუწყვეტელი პროცესი

ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს მრავალ ჭირნახულ ისტორიას საუკუნეების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი ახსოვს. 1989 და 1991 წლების 9 აპრილის თარიღები საქართველოს თვითმყოფადობისათვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლის, გამარჯვების ყველაზე წმინდა, თვალსაჩინო და შთამბეჭდავ მოვლენებს ასახავენ. ეს ორი 9 აპრილი, ორი უდიდებულესი თარიღია
32 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველზე მშვიდობიანი დემონსტრანტების არნახული ძალადობით დარბევამ და ქართველი ახალგაზრდობის მსხვერპლმა, დააჩქარა საბჭოთა იმპერიის რღვევა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ორი წლის თავზე, სწორედ ეს თარიღი გახდა 1991 წლის 9 აპრილს უდიდესი მონაპოვრის – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის გამოცხადების საფუძველი.
ამ დღეს, ტრადიციულად, ქართული საზოგადოება, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ქედს იხრიან და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.
„9 აპრილის“ მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმაც.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, „განვლილი ათასწლეულების მანძილზე საქართველოს ისტორია იყო და არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების, მერე მისი დაკარგვისა და კვლავ აღდგენის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის, სრულად ან ნაწილობრივ ისევ გაერთიანების განუწყვეტელი პროცესი. სამწუხაროდ, ეს პროცესი დასრულებული არ არის და დღესაც, ჩვენს თვალწინ, ჩვენივე აქტიური მონაწილეობით გრძელდება – გრძელდება, რადგანაც საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომაც არის ქართველებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე; ამიტომაც არის ესოდენ წმინდა 1989 წლისა და 1991 წლის 9 აპრილი; კიდევ გაივლის შემდეგი ათწლეულები, გაივლის ასწლეულები და ათასწლეულები – ჟამთა ეს უსასრულო სვლა ვერა თუ ვერ დაჩრდილავს, პირიქით, სულ უფრო და უფრო გამოკვეთავს 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობას და მის შემოქმედთ!“

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“უცნობის” მდუმარე აქციის მონაწილეებმა რიყედან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის დედოფლის მეუღლე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა