ჯემალ გამახარია: იმედი მაქვს, რომ გონიერი ადამიანები, რომელთა ნაკლებობა აფხაზურ საზოგადოებაში არ არის, ხელს შეუწყობენ უდანაშაულო ირაკლი ბებუას პატიმრობიდან განთავისუფლებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2020 20:14

ჯემალ გამახარია: იმედი მაქვს, რომ გონიერი ადამიანები, რომელთა ნაკლებობა აფხაზურ საზოგადოებაში არ არის, ხელს შეუწყობენ უდანაშაულო ირაკლი ბებუას პატიმრობიდან განთავისუფლებას

მნიშვნელოვანი

  • ჯემალ გამახარია: იმედი მაქვს, რომ გონიერი ადამიანები, რომელთა ნაკლებობა აფხაზურ საზოგადოებაში არ არის, ხელს შეუწყობენ უდანაშაულო ირაკლი ბებუას პატიმრობიდან განთავისუფლებას

სხვა სტატიები

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებულ ქალაქ გალში ე. წ. აფხაზური დროშის დაწვის ბრალდებით დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი ირაკლი ბებუა. დაკავებულმა თავისი საქციელი ქართველთა და აფხაზთა შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობით, შესაბამისად, ამ ორი ხალხის გათიშვის დღის აღნიშვნის დაუშვებლობით ახსნა.
შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად საჭირო იყო რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი აფხაზეთის „დროშის“ განადგურება. ამავე დროს მომხდარი ფაქტი სეპარატისტებისა და ოკუპანტების მხრიდან მოითხოვს სერიოზულ ანალიზს, რაც შეუძლებელია ბოლო დღეებში გაჩაღებული ანტიქართული ისტერიის, სრულიად არაადექვატური განცხადებებისა და დაპატიმრებულის მიმართ მუქარების პირობებში. უნებლიედ გვახსენდება შორეული 1992 წლის იანვარი, როდესაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველი წევრები მოვითხოვდით აფხაზებთან ერთად ისეთი დროშის შექმნას და დამტკიცებას, რომელიც მისაღები და სათაყვანო იქნებოდა მთელი მოსახლეობისთვის. სეპარატისტებმა, სამწუხაროდ, არ გაიზიარეს ჩვენი პოზიცია, რომ ცალმხრივად შექმნილი და უკანონოდ დამტკიცებული სიმბოლიკა არ იქნებოდა აღიარებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ აქედან გამომდინარე ძალიან ცუდი შედეგებით.
ისმის კითხვა: სამართლებრივი და, თუ გნებავთ, პოლიტიკური თვალსაზრისით რას წარმოადგენს ის „დროშა“, რომელიც 30 სექტემბერს გალში განადგურდა? ძალიან მოკლედ და ზოგადად თუ ვიტყვით, ეს არის არარსებული, არაღიარებული რესპუბლიკის არარსებული, არაღიარებული სიმბოლიკა. სამწუხაროდ, იგი წარმოადგენს უკანასკნელი თითქმის 30 წლის განმავლობაში აფხაზეთში დატრიალებული შემზარავი ტრაგედიების სიმბოლოს, რომლებიც ჯერ არ დამთავრებულა, რომელთა არანაკლებ ჯოჯოხეთური სცენები ჯერ კიდევ წინ არის. სწორედ იმ სიმბოლიკას ამოფარებულმა რუსეთმა დააყენა სისხლის გუბეები აფხაზეთში და მოახდინა მისი ოკუპაცია; მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ ველური მეთოდებით ჩაატარა ეთნიკური წმენდა და გენოციდი; უმოწყალოდ დახოცა, ცოცხლად დაწვა ან ცოცხლად დამარხა ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ქალები, ხანდაზმულები; დღეს იმავე სიმბოლიკის ქვეშ უხეშად ირღვევა ადამიანის ელემენტარული უფლებები გალის რაიონში და მთელს აფხაზეთში, აბუჩად იგდებენ და ფეხქვეშ თელავენ ადამიანურ ღირსებას.
აფხაზეთის მოსახლეობის სისხლითა და ცრემლით გაჟღენთილი „დროშის“ ქვეშ, რომელსაც არ მინდა აფხაზური ვუწოდო, ამჟამად მიმდინარეობს „სტრატეგიული პარტნიორის“ მიერ აფხაზეთის ანექსიის ღიად და ულტიმატუმის წესით გაცხადებული პროცესი. ამ პროცესის დასრულება უეჭველად გახდება დასაბამი მრავალტანჯული აფხაზი ხალხის მორიგი დიდი ეროვნული ტრაგედიისა, რომლის კატასტროფული შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – არც თუ ისე შორსაა ჟამი, როდესაც ილუზიებისაგან განთავისუფლებული აფხაზები თვითონ გადააგდებენ ან დაწვავენ იმ „დროშას“ – წარსული და მომავალი საშინელი ტრაგედიების, უბედურებების სისხლიან სიმბოლოს. ირაკლი ბებუას დახმარება ამ საქმეში მათ არ სჭირდებოდათ. აი, აქ შეცდა ახალგაზრდა კაცი. საქართველოს, ქართველი ხალხის, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილების მიზანი და პოლიტიკა სულ სხვაა
– ეს არის შერიგება და ნდობის აღდგენა, აფხაზთა ხსნა განსაცდელისაგან, რომელიც კრემლმა მას უკვე მოუმზადა.
მინდა იმედი ვიქონიო, რომ გონიერი ადამიანები, რომელთა ნაკლებობა აფხაზურ საზოგადოებაში არ არის, ხელს შეუწყობენ უდანაშაულო ბიჭის, ირაკლი ბებუას პატიმრობიდან განთავისუფლებას. ამასთანავე, ღრმად დაფიქრდებიან გალში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ადექვატურ დასკვნებსაც გამოიტანენ“, – ნათქვამია ჯემალ გამახარიას განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2020 20:14