ჯემალ გამახარია ენგურსგაღმა წმინდა ბარბარეს უძველეს სალოცავში შეხვედრას უსურვებს თანამოძმეებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2020 16:54

ჯემალ გამახარია ენგურსგაღმა წმინდა ბარბარეს უძველეს სალოცავში შეხვედრას უსურვებს თანამოძმეებს

დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე უდიდესი დღესასწაულია მორწმუნეთათვის. ამქვეყნიური კეთილდღეობით გამორჩეულ ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა უმშვენიერესმა ქალწულმა ქრისტიანული სარწმუნოების სიდიადეს შესწირა მდიდრული ცხოვრება, პირადი ბედნიერება. ბარბარემ ღვთის სიყვარულით არა ერთ ტანჯვას, წამებას გაუძლო. ის უფრო და უფრო ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, რასაც ვერ პატიობდნენ კერპთაყვანისმცემელი – მამა და ქვეყნის მმართველი. მათ გადაწყვიტეს დაესაჯათ ბარბარე და თავი მოეკვეთათ მისთვის. ბარბარემ სიკვდილის წინ, მაცხოვრისადმი ლოცვის აღვლენის შემდეგ ზეციდან უფლის გამოცხადებისთანავე, განრისხებულ მამას მშვიდად და სიხარულით მოუწოდა, აღესრულებინა სასჯელი.
გადმოცემის მიხედვით, როგორც კი მამამ დასცა მახვილი და წარკვეთა წმინდა ბარბარეს პატიოსანი თავი, იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დაწვა, ამოვარდა ძლიერი ქარი და გაფანტა ფერფლი. ასევე დაისაჯა იმ ქვეყნის მმართველი, მის სასახლეს მეხი დაეცა, ისე რომ, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.
წმინდა ბარბარე სიმბოლოა ადამიანის ურყეობის, სიმტკიცის, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულების; ის გამორჩეულად უყვართ საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სწამთ მისი ძალისა და მადლის. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ოდითგან საქართველოში წმინდა ბარბარეს სახელობის უამრავი ეკლესია-მონასტერი, სალოცავი არსებობს, მათ შორის ენგურსგაღმა, დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ წმინდა ბარბარეს ევედრებიან სნეულთა განკურნებას, შვილების, ოჯახის, ქვეყნის შეწევნას. ამ ვერაგი კორონა-პანდემიის ჟამს ქალწულ-მოწამეს შევევედროთ, უპირველესად, შეგვეწიოს მის დამარცხებაში.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ულოცავს ყველა მორწმუნეს, თითოეულ თანამოძმეს და უსურვებს უახლოეს მომავალში ამ დღეს წმინდა ბარბარეს ენგურსგაღმა სალოცავში შევკრებილიყავით, ჯანმრთელად, მშვიდობიანად ერთიანი საქართველოს ფარგლებში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2020 16:54