ჯემალ გამახარია: არძინბას ძმისშვილის მკვლელობის დღეს, მითხრეს, რომ ის რუსებმა მოკლეს

გამახარია არძინბას ძმისშვილის მკვლელობაზე

“მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, მივიღე ინფორმაცია ძალიან სანდო წყაროდან, რომ ეს მკვლელობა განახორციელეს რუსებმა“, – ამის შესახებ „თაიმერთან“ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, არძინბას ძმისშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

გამახარია იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობასთან არის კავშირში.

“მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, მივიღე ინფორმაცია ძალიან სანდო წყაროდან, რომ ეს მკვლელობა განახორციელეს რუსებმა. ინფორმაცია რუსული წყაროსგან მივიღე. ამ ეტაპზე დადასტურებული ფაქტები არ გვაქვს, შესაბამისად შემიძლია ვარაუდებით ვისაუბრო. როდესაც, ბატონი ბჟანია ბოლო ვიზიტის დროს მოსკოვში იმყოფებოდა ფულის სათხოვნად, უკაპიკოდ გამოუშვეს, მას ასევე უთხრეს, რომ მოეზიდა რუსი ინვესტორები და მოსთხოვეს გამოეძიებინა სად წავიდა ის ფული, რომელიც აქამდე მისცეს. რაზეც ბჟანიამ უპასუხა, რომ ის ფული არძინბას და ხაჯინბას ოჯახმა წაიღო.

ამ ამბავს სწორედ, მკვლელობას ვუკავშირებ. ჩემი ინფორმაციით, ბჟანიას დავალებული ჰქონდა გაერკვია თუ სად წავიდა ეს თანხა. თუკი რამე შემოსავალია აფხაზეთში, არძინბას ძმისშვილი ყველაფერს თავზე აჯდა და აკონტროლებდა. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსკოვში ბატონი ასლან ბჟანია ბრძანებდებოდა ალბათ გადაწყდა ამ ადამიანის თავიდან მოშორება. სწორედ, მკვლელობის დღეს მითხრა რუსმა, რომ ის ჩვენებმა მოკლესო. მეორე დღეს კი, უკვე აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მკვლელობა განახორციელა სწრაფი რეაგირების სპეციალურმა რაზმმა, რომელიც არსებობს რუსეთში, ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს და ახორციელებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს ჩრდილოეთ კავკასიაში. როცა, ლოგიკურად იწყებ მსჯელობას, ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმევა.

როგორც ჩანს, ეს თემა მოდის მოსკოვიდან და ვინც არ უნდა იყოს უშუალო შემსრულებელი, ჩემი აზრით, ბჟანია და რუსეთის სწრაფი რეაგირების რაზმია მასში ჩართული. მკვლელობა მაღალ პროფესიულ დონეზე არის განხორციელებული, შემთხვევითი პირები ამას ვერ დაგეგმავდნენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთში მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ამ მკვლელობისა და ბევრი სხვა შეცდომის გამო, ბჟანიას ოპოზიციურმა ძალებმა წაუყენეს ულტიმატუმი, რომ ის აუცილებლად უნდა გადადგეს. რეალურად, რა პროცესები მოჰყვება ამას, დაგვანახებს მოვლენების განვითარება, მე პირადად კარგს არაფერს ველი, აშკარად დაიძაბება ვითარება”, – აცხადებს გამახარია.

18 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, ქემალ არძინბა ოკუპირებულ სოხუმში მოკლეს.
მკვლელობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ბატალ ფილიაა დაკავებული. მკვლელობის ოფიციალურ ვერსიებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათალ ფილია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში შსს-ს მხარდაჭერით გაგზავნილ ორ კურსდამთავრებულს დიპლომი პირადად გადასცა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი- ძალიან გვახარებს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში