როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება სოხუმში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ, არის კრემლის მცოცავი ანექსიის პოლიტიკის განხორციელების მორიგი ფაქტი. ამასთან, რუსეთს სურს სოხუმის აეროპორტის მეშვეობით, რომელიც უკანონო დოკუმენტში ერთობლივი ბაზირების აეროპორტის სტატუსით არის მოხსენიებული, გააფრთხილოს შავი ზღვის აუზის ქვეყნები, დასავლეთი და უპირველესად ნატო, რომ საჭიროების შემთხვევაში, სოხუმის სათადარიგო, სამხედრო აეროპორტის მეშვეობით, ის წინააღმდეგობას გაუწევს მათ(ერთობლივი ბაზირების აეროპორტს შეუძლია განახორციელოს, როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე სამხედრო ფუნქციები).
ჯემალ გამახარია იმედოვნებს, რომ ამ საფრთხეს სათანადოდ გაითავისებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპის წამყვანი ქვეყნები და თუკი ჯერჯერობით მათი მხრიდან არ ისმის არანაირი განცხადებები, აეროპორტის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, ხმამაღალი არგუმენტირებული პროტესტი ყველა მხრიდან ხელს შეუშლის რუსეთის მორიგი აგრესიის რეალიზებას. ჯემალ გამახარიას განმარტებით, ამ უკანონობასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ გამოუთქვამს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია – ICAO-ს ორგანიზაციას, რომლის პრეროგატივაც არის აეროპორტისათვის სპეციალური კოდის მინიჭება, თან იმ ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, რომლის ტერიტორიაზეც არის განთავსებული ეს აეროპორტი, ანუ საქართველოს მიმართვის საფუძველზე. ICAO-მ სოხუმის აეროპორტს ეს კოდი 2006 წელს ოფიციალურად გაუუქმა. ამჯერად კოდის მინიჭება, აეროპორტისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და ფრენების განხორციელების ნებართვა უნდა მოხდეს სწორედ ICAO-ს მიერ.
გამახარია დარწმუნებულია, რომ ICAO-ს რეაქცია ამ უკანონობაზე იქნება უარყოფითი და ძალაში დარჩება მის მიერ 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვრცლად ისაუბრა აფხაზეთში რუსეთის მიერ დაგეგმილი მორიგი დამპყრობლური განზრახვის შესახებ:
,,რუსეთი აფხაზეთში 30 000 სასტუმროს აშენებას გეგმავს, ეს იქნება რუსული მოსახლეობის შემოსევა და დემოგრაფიული ექსპანსია”.
ჯემალ გამახარიას თქმით, დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე აქტუალური თემაა აპარტ სასტუმროების მშენებლობა. რუსეთს დიდი ხანია მიზნად აქვს აფახზეთში უძრავი ქონების შესყიდვა, მაგრამ დე ფაქტო კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. წლებია მიმდინარეობს ზეწოლა აფხაზეთზე, აფხაზები კი კანონმდებლობას არ ცვლიან. ამიტომ, მოიძებნა შემოვლითი გზა და სწორედ, ეს შემოვლითი გზაა აპარტ სასტუმროების მშენებლობა მთელს შავიზღისპირეთში.
,,რუსეთს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჰქონდა გეგმაში, აფხაზეთის შავიზღვისპირეთში, კაზაკების და რუსების დასახლება. მაშინ ეს ვერ მოახერხა და იგივეს ცდილობს ახლაც. 30 000 სასტუმროზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, 30 000 ოჯახი უნდა ჩამოსახლდეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვთქვათ, რომ ეს არის დემოგრაფიული ექსპანსია, ესაა ანექსიის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა და საშუალება”, – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.
მისივე თქმით, აფხაზეთის მხარეს მისცეს მოსკოვში შედგენილი დოკუმენტი, აპარტამენტების კანონპროექტის მშენებლობის და მერე ექსპლუატაციის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, მაგრამ იმხელა წინააღმდეგობაა საზოგადოების მხრიდან, რომ დამტკიცება გადაიდო.
,,ამ ეტაპზე, ეს დოკუმენტი რჩება დოკუმენტად. დე ფაქტო მთავრობა და პრეზიდენტი მოითხოვენ მის დამტკიცებას, მაგრამ საზოგადოების მხრიდან არის დიდი წინააღმდეგობა. როგორც ჩანს, დე ფაქტო პარლამენტშიც არიან მოწინააღმდეგეები და ამის გამო, ვერ ჯერჯერობით ახერხებენ ამ დოკუმენტის მიღებას”, – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავარში“.