ჯემალ გამახარია: აფხაზეთში ქართულ ოჯახებში დაბადებული გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია!

“აფხაზეთში ქართულ ოჯახებში დაბადებული გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია!”-ასე ეხმაურება ბავშვთა დაცვის დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ჯემალ გამახარია: აფხაზეთში მართული ქაოსიაროგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბავშვთა დღის დაწესება, მართალია, ახალი ომის საშიშროებისაგან მათ დასაცავად, მათი ჯანმრთელობისა და ნორმალური აღზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად დაწესდა, მაგრამ აფხაზეთში განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ და გენოციდმა, ცხინვალის რეგიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ. სამწუხაროდ, უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ათეული წლებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მომავალ თაობებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, კვლავ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას სხვადასხვა ტრიბუნიდან არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი დე ფაქტო კანონებით, ადგილობრივ ქართულ ოჯახებში დაბადებული ქართველი გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია, ვინაიდან მამა–პაპათა მშობლიური მიწის მემკვიდრეები, მშობლებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად არიან გამოცხადებული! ასე რომ, დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება მათი კანონიერი უფლებების შელახვა. ქართველ მოზარდებს მშობლიურ ქართულ ენაზე არა მხოლოდ სწავლების, არამედ ლაპარაკის ნებაც წართმეული აქვთ. ხშირად ადგილი აქვს მათი იდენტობის შეცვლის მცდელობას; ანუ ხდება ყველა იმ უფლების სისტემური დარღვევა, რის აღსაკვეთადაც მრავალი ათეული წლის წინ დაწესდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!“
ჯემალ გამახარია ულოცავს ამ დღეს სრულიად საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, მომავალ თაობას, უპირველესად ოკუპირებულ აფხაზეთში დაბადებულთ, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა; ყველა მოზარდს ჯანმრთელობას, მშვიდობიან, დემოკრატიულ, ეკონომიურად გაძლიერებულ, გაერთიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას და სამშობლოს საკეთილდღეო საქმიანობაში წარმატებულ მონაწილეობას უსურვებს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოთქვამს რწმენას, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევითა და ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგებით, ნდობის აღდგენით, უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა ტრადიციული თანაცხოვრების პირობების აღორძინება, ქვეყნის გაერთიანება, რაც უპირველესად სწორედ ბავშვებს, ქვეყნის მომავალ თაობას მისცემს საშუალებას იცხოვროს მშვიდად და ბედნიერად ცივილურ, ადამიანურ გარემოში, ყველა აღიარებული უფლების დაცვით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს