ჯემალ გამახარია: აფხაზეთში მართული ქაოსია

ჯემალ გამახარია: აფხაზეთში მართული ქაოსია

16 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სირიაში „ოფიციალური ვიზიტის“ ფარგლებში ჩავიდა. ბჟანია, ასევე, მიიღო მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელობით მესამე, ანტიოქიის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა.

რას ნიშნავს ასლან ბჟანიას ვიზიტი აფხაზეთისთვის,, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობას და რა შედეგი ექნება ამ ვიზიტს სამომავლოდ?

აღნიშნულ თემებზე, „თაიმერი“, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას ესაუბრა:

სირიაში „ ოფიციალური ვიზიტით“ იმყოფება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც საკმაოდ დიდი პატივით მიიღო ბაშარ ასადმა, რომელმაც 2018 წელს  აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ვიზიტის შემდეგ ბჟანია მათ შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ელოდება. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს და რას ელოდებით სამომავლოდ?

ვიზიტი, რომელიც ბატონმა ბჟანიამ განახორციელა სირიაში ატარებს პროპაგანდისტულ ხასიათს. ფაქტობრივად, ამ ვიზიტს პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ასეთი პატარა, ოკუპირებული ტერიტორიაა და 7 დე ფაქტო პარლამენტის, 4 დე ფაქტო მთავრობის წევრი, ასევე სხვა პირები, დელეგაციაში სულ 15 წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ დელეგაცია ჩავიდა სოჭიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 223-ე მფრინავთა რაზმის თვითმფრინავით, „TU 154 M”-ით, ამ ფაქტიდანაც გასაგებია ყველაფერი. ეს ე.წ დელეგაცია, რა დამასკოში ჩასულა და რა მოსკოვში. წინასწარ დაწერილი სცენარით განხორციელდა ყველაფერი.

თქვენ აღნიშნეთ, რომ პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს, – ვის და რაში სჭირდება ეს პროპაგანდა?

ამ შემთხვევაში, ეს პირველ რიგში, ოკუპანტს სჭირდება, რომელიც დღეს ეწევა აფხაზეთის მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ვგულისხმობ 45 პუნქტიან პროგრამას, რომელზეც აფხაზებს გასული წლის ნოემბერში ხელმოწერა აიძულეს. ეს არის ფაქტობრივად აფხაზეთის ანექსიის პროგრამა, რითაც უკმაყოფილოა აფხაზური საზოგადოება. ეს უკმაყოფილება ოდნავ, რომ მინელდეს ამისათვის რუსეთს სჭირდება, აფხაზურ საზოგადოებას აჩვენოს როგორ ზრუნავს ის აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის. ეს ძალიან სჭირდება, ასევე სირიას, რომელიც ფაქტობრივად იზოლირებულია. ბოლო წლებში სირიაში, არც ერთი სახელმწიფოს მეთაური არ ჩასულა. სირიაში უკანონო არჩევნები ტარდება და ამ არჩევნების წინ ბაშარ ასადს სჭირდებოდა ასეთი,, ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს დელეგაციის მიღება. მართალია, ძალიან უნიჭოდ, მაგრამ სპექტაკლი დადგეს. ეს აფხაზურ მხარესაც სჭირდებოდა იმის წარმოსაჩენად, რომ საკუთარი საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ დამოუკიდებლები არიან. აღსანიშნავია, რომ ამ 15 წარმომადგენლის გასამგზავრებელი თანხა აფხაზეთის ბიუჯეტში არ მოიძებნებოდა, რომ არა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც უზრუნველყო მგზავრობა, ე.ი რუსეთმა საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე გაუშვა ეს დელეგაცია. ამ ვიზიტის ფარგლებში კი ყველას საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ვიზიტის დროს დელეგაცია მიიღო ბაშარ ასადმა, ასევე სირიის პრემიერ-მინისტრმა ზუხეირ ხაზიმმა. სირია-აფხაზეთის სამთავრობოთაშორისი კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელიც ეხებოდა ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნიკურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობას. ჯერ კიდევ 2018 წელს, როცა სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაშინ შეიქმნა ეს კომიტეტი და პირველი სხდომა ახლა ჩატარდა. სირია, რომელიც თავიდან ბოლომდე დანგრეულია და აფხაზეთი, რომელიც ასევე  დანგრეულია, რა თანამშრომლობა შეიძლება იყოს მათ შორის?! სირიაში დააფუძნეს, აფხაზეთის ე.წ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა. ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას, ერთი ეხება პორტებს შორის თანამშრომლობას, ხოლო მეორე ტურიზმს – ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა. ამ ვიზიტის ფარგლებში შემაშფოთებელი ფაქტორი იყო ბჟანიას შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე  X-სთან, რაზეც იყო სერიოზული გამოხმაურება საქართველოს საპატრიარქოს მხრიდანაც,  თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით განცხადებასა და კონკრეტულ ნაბიჯებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ანტიოქიის საპატრიარქო, ფაქტობრივად რუსეთის საპატრიარქოს ფილიალადაა გადაქცეული. ჩემი აზრით, ამ შეხვედრით, რუსეთის საპატრიარქო აფრთხილებს საქართველოს საპატრიარქოს არ გაბედოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. ჩემი ღრმა რწმენით, ამ მიზანს ისახავდა ბჟანიას შეხვედრა იოანე  X-სთან. იმედი მაქვს, საქართველოს საპატრიარქო, როგორც ყოველთვის, ყოველმხივ აწონ-დაწონის შექმნილ ვითარებას და მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ, რომ საპატრიარქო ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის იღებს ძალიან სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ ამჯერადაც ასე იქნება. საბოლოოდ, კი ამ ვიზიტიდან სერიოზულს არაფერს ველოდებით, ეს პროპაგანდა ჩაივლის. მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთში ამ პროპაგანდას არანაირი ეფექტი არ აქვს, პირიქით, აფხაზეთში ოპოზიციური ძალების პრესკონფერენცია ჩატარდა და მთელი რიგი მიზეზების გამო მოითხოვეს ბჟანიას გადადგომა. დღეს, აქტიურად წერენ, რომ ამ ვიზიტით ბჟანიამ შეიქმნა ალიბი, თითქოს ის არ მონაწილეობს არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში. ასე,რომ ამ ვიზიტის პროპაგანდისტული ეფექტი ძალიან მინიმალურია, ამ სპექტაკლის მონაწილეებისთვის შედეგი არ არის და მომავალშიც არ ექნება.

საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი რეაგირება არ გამოუხატავს  სირიაში ბჟანიას და მისი დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, – რატომ? ეს ხომ არ მიუთითებს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ პრობლემებზექართული ოცნება“  სათანადოდარანვერრეაგირებს?

მე ძალიან კარგად მესმის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომელიც არ რეაგირებს, როდესაც ბატონი ბჟანია ჩადის მოსკოვსა თუ დამასკოში, რადგან არავითარი განსხვავება არ არის, ბჟანია მოსკოვში ჩავა თუ დამასკოში. რუსებმა გამოყვეს თვითმფრინავი, ჩასვეს ეს ადამიანები, გააგზავნეს, იქ მოაწყვეს შეხვედრები, გაისეირნეს, „ექსკურსია ჩაატარეს“, – ამაზე რა განცხადება უნდა გაეკეთებინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. საჭირო განცხადებები თავის დროზე უკვე გაკეთდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო სირიასთან გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა. რაც შეეხება, ასეთ „ექსკურსიებს“,  – ამაზე საქართველოს მთავრობის განცხადებების აუცილებლობა არ არის. სირია, რომ იყოს მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა, ჰყავდეს კანონიერი მთავრობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, – მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ ბაშარ ასადი ისეთივე იზოლაციაშია, როგორშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ორი უკანონო ხელისუფლების წარმომადგენელი შეხვდა ერთმანეთს, – ამაზე რა განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, – მე მათ დუმილს გაგებით ვეკიდები.

თქვენ ახსენეთ არძინბას ძმისშვილის მკვლელობახომ არ ფლობთ რაიმე ახალ ინფორმაციას ქემალ არძინბას მკვლელობასთან დაკავშირებით?

მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, მივიღე ინფორმაცია ძალიან სანდო წყაროდან, რომ ეს მკვლელობა  განახორციელეს რუსებმა. ინფორმაცია რუსული წყაროსგან მივიღე. ამ ეტაპზე დადასტურებული ფაქტები არ გვაქვს, შესაბამისად შემიძლია ვარაუდებით ვისაუბრო. როდესაც, ბატონი ბჟანია ბოლო ვიზიტის დროს მოსკოვში იმყოფებოდა ფულის სათხოვნად, უკაპიკოდ გამოუშვეს, მას ასევე უთხრეს, რომ მოეზიდა  რუსი ინვესტორები და მოსთხოვეს გამოეძიებინა სად წავიდა ის ფული, რომელიც აქამდე მისცეს. რაზეც ბჟანიამ უპასუხა, რომ ის ფული არძინბას და ხაჯინბას ოჯახმა წაიღო. ამ ამბავს სწორედ, მკვლელობას ვუკავშირებ. ჩემი ინფორმაციით, ბჟანიას დავალებული ჰქონდა გაერკვია თუ სად წავიდა ეს თანხა. თუკი რამე შემოსავალია აფხაზეთში, არძინბას ძმისშვილი ყველაფერს თავზე აჯდა და აკონტროლებდა. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსკოვში ბატონი ასლან ბჟანია ბრძანებდებოდა ალბათ გადაწყდა ამ ადამიანის თავიდან  მოშორება. სწორედ, მკვლელობის დღეს მითხრა რუსმა, რომ ის ჩვენებმა მოკლესო. მეორე დღეს კი, უკვე აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მკვლელობა განახორციელა სწრაფი  რეაგირების სპეციალურმა რაზმმა, რომელიც არსებობს რუსეთში, ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს და ახორციელებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს ჩრდილოეთ კავკასიაში. როცა, ლოგიკურად იწყებ მსჯელობას, ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმევა. როგორც ჩანს, ეს თემა მოდის მოსკოვიდან და ვინც არ უნდა იყოს უშუალო შემსრულებელი, ჩემი აზრით,  ბჟანია და რუსეთის სწრაფი რეაგირების რაზმია მასში  ჩართული. მკვლელობა მაღალ პროფესიულ დონეზე არის განხორციელებული, შემთხვევითი პირები ამას ვერ დაგეგმავდნენ.  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთში მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ამ მკვლელობისა და ბევრი სხვა შეცდომის გამო, ბჟანიას ოპოზიციურმა ძალებმა წაუყენეს ულტიმატუმი, რომ ის აუცილებლად უნდა გადადგეს. რეალურად, რა პროცესები მოჰყვება ამას, დაგვანახებს მოვლენების განვითარება, მე პირადად კარგს არაფერს ველი, აშკარად დაიძაბება ვითარება.

როგორ შეაფასებთ ოკუპირებულ აფხაზეთში სადღეისოდ არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კორონაპანდემიურ ვითარებას?

პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ჩვენ ამ დღეებში ველოდებით გამოსვლებს, დე ფაქტო პრეზიდენტისთვის ულტიმატუმი წაყენებულია, აფხაზეთში რეალურად ხელისუფლება არ არსებობს, რომელიც გააკონტროლებდა სახელმწიფოში ვითარებას, – ეს სავსებით, ბუნებრივია, რადგან ეს არის არა სახელმწიფო, არამედ ოკუპირებული ტერიტორია, საერთოდ ოკუპირებული მმართველების ბედი ისეთივეა, როგორიც იყო ხაჯინბასი. როგორც ჩანს, დიდი მომავალი არც ბჟანიას გააჩნია. აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება გარედან იმართება, იქ მართული ქაოსია. რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, რუსეთი ცდილობს აფხაზეთის იძულებას, რომ ის ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთის შემადგენლობაში მოექცეს. ამ მიზანს ემსახურება ის 45 პუნქტიანი პროგრამა. რუსეთი, წელს პირველად, არ ასრულებს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც მან აფხაზეთის ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს თანხა, – ეს თანხა დღემდე არ არის ჩარიცხული. ეს კი განსაზღვრავს დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, პენსიები და ხელფასები ვერ გაიცემა დროულად, ასევე არ ხორციელდება ინფრასრტუქტურული პროექტები. იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთი არ შეასრულებს 45 პუნქტიან პროგრამას, რუსეთს ის ამ რთულ სიტუაციაში ეყოლება. მმართველი კი ვინც დღეს არის, ან შემდეგში იქნება, დიდხანს ვერ გაძლებენ თუ ამ პროგრამას არ შეასრულებენ. აფხაზეთი, სწორედ რუსეთზე იყო დამოკიდებული ეკონომიკურად, სხვადასხვა წლებში 50-დან 70%-მდე აფხაზეთის ბიუჯეტს რუსეთი ავსებდა, ამ წელს კი თანხა აფხაზეთისათვის საერთოდ არ ჩაურიცხავს. რაც შეეხება პანდემიურ ვითარებას, თუ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს, აფხაზეთში ეს რიცხვი იმატებს. ტესტირებულთა 15-20 % ინფიციებულია, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ივნისიდან ტურისტული სეზონი იწყება, იმ პირობებში, როცა 100 ადამიანიდან, 15-20 ინფიცირებულია, – ეს შემდგომში რა შედეგებს გამოიღებს ძნელი მისახვედრი არ არის, შესაძლოა მოხდეს პანდემიის ახალი აფეთქება. ავადმყოფებს ვერ უვლიან. ექიმები, მედდები და სანიტარები არ ყოფნით, – ძალიან მძიმე ვითარებაა.

ჩვენ ამ პროცესებში არ უნდა ვიყოთ მაყურებლის როლში, ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურება. ბრწყინვალე სამშვიდობო პროგრამა გვაქვს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც დღემდე ვერ ავამუშავეთ სრულად. ამ პროექტებზე მუშაობა და აფხაზურ მხარესთან ახალი შეთავაზებებია საჭირო. დღეს თუ არა ხვალ, ეს ხალხი ჩვენი გადასარჩენი იქნება, – ამიტომ, მე ყველას, მათ შორის, საკუთარ თავსაც მოვუწოდებ, რადგან ჩვენ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე სამშვიდობო, ნდობის აღდგენის და შერიგების პოლიტიკის გააქტიურებაა, ეს არის აფხაზეთის ერთადერთი ხსნა.

ავტორი: ნენე ინჯგია

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიავარია ყაზბეგის ქუჩაზე
შემდეგი სტატიამოლდოვამ “კოვაქსიდან” “ფაიზერის” 50 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო