ჯემალ გამახარია: 26 მაისის შემოქმედთა შორის უაღრესად დიდია აფხაზეთის მკვიდრი მამულიშვილების როლი და დამსახურება

ჯემალ გამახარია დამოუკიდბელობის დღეზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელიც დღეს მონაწილეობას ღებულობდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში გამართულ ყველა სადღესასწაულო ღონისძიებაში, ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონიალში, სრულიად საქართველოს, თითოეულ თანამემამულეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და შეახსენებს, რომ 26 მაისის შემოქმედთა შორის უაღრესად დიდია აფხაზეთის მკვიდრი მამულიშვილების როლი და დამსახურება.

103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ ერთხმად დამტკიცებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“ ხელს აწერდნენ აფხაზეთში დაბადებული და იქ მოღვაწე ქართველი, აფხაზი, ასევე სხვა ეროვნების პოლიტიკური მოღვაწეები – აკაკი ჩხენკელი, ვალიკო ჯუღელი, არზაყან ემუხვარი, ვარლამ შერვაშიძე, ვასილ გურჯუა, ივანე ფაშალიდისი, დიმიტრი ზახაროვი. აღსანიშნავია, რომ აკაკი ჩხენკელი, რომელიც 1874 წლის 19 მაისს არის დაბადებული სოფელ ოქუმში სამურზაყანოს ბლაღოჩინი მღვდლის იოანე ჩხენკელის ოჯახში, 1918 წელს გახლდათ ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე. სწორედ მისი ინიციატივითა და კატეგორიული მოთხოვნით დაადგა საქართველოს ეროვნული საბჭო სიცოცხლისუუნარო ფედერაციის დაშლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების გზას, რომელიც 26 მაისს წარმატებით დაგვირგვინდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარეშე მტრებისაგან დაცვაში გამორჩეული როლი მიუძღვის სოხუმელ ვალიკო ჯუღელს. აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიური ერთეული რომ გახდა, ამაში დიდი როლი ითამაშეს აფხაზებმა არზაყან ემუხვარმა, ვარლამ შერვაშიძემ, ვასილ გურჯუამ, ბერძენმა ივანე ფაშალიდისმა და რუსმა დიმიტრი ზახაროვმა.

ჯემალ გამახარია ხაზგასმით აღნიშნავს: „ ვინაიდან 1918 წლის 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“ ამშვენებს აფხაზეთის ღირსეულ მკვიდრთა ხელმოწერები, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს ყველანი, გაგვაერთიანოს ენგურს გაღმა თუ გამოღმა მცხოვრებნი – ამ ქვეყნის თითოეული მკვიდრი, ჩინიანი თუ უჩინო, ერი და ბერი, და რადგან ჩვენი სახელოვანი წინაპრები, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა, ოდითგან საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობის, განუყოფლობის სადარაჯოზე იდგნენ, მისი დამოუკიდებლობისათვის მხარდამხარ იღვწოდნენ, ვალდებული ვართ, მთელი შეგნებით, მუხლჩაუხრელად, ნებისყოფის სიმტკიცით, მშვიდობიანი მეთოდებით ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, სრულიად საქართველოს ასაღორძინებლად!“

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის – თავდაცვის ძალების გაძლიერება