ჯეიმს აპატურაი საქართველოს ნატოში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად გაწევრიანების იდეას ეხმაურება.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს ნატოში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად გაწევრიანების იდეას ეხმაურება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მსგავს დისკუსიას აზრი არ აქვს.

“გავეცანი საქართველოში მიმდინარე მსჯელობას ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისე, რომ მე-5 მუხლი არ შეეხოს ორ რეგიონს. ჩემი შეხედულებით, ახლა ამ დისკუსიას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატოში მზაობას, რომ ეს განიხილოს, არც იმის მჯერა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ამ იდეას დროულს ხდის,”-წერს ჯეიმს აპატურაი.

აპატურაი წერს, რომ მალე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა, რათა ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებელ რეფორმებში დაეხმაროს.

“ნატო-ში საქართველოს საელჩო აქტიურად ლობირებს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში, ნათელი და კონკრეტული იდეებით. ეს სწორი მიდგომაა, როგორც პოლიტიკურად და პრაქტიკულად. საქართველოს მალე ჩრდილოატლანტიკური საბჭო ესტუმრება, რათა განიხილოს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გზები და დაეხმაროს ქვეყანას წევრობისთვის მოსამზადებელ რეფორმებში”,-წერს ის.

როგორც NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე 10 სექტემბერს თქვა, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად. აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

“ჩვენ გვაქვს პრეცედენტი – გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი – NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს.”

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა “NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში”. კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – წერილის ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც „წერილის“ დედანი არ წარმოადგინა და არ დაასახელა შუამავალი
შემდეგი სტატიაეს სვლა ახალმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, რომელსაც ექნება ნება და ნდობის მანდატი ამ თამამი ინიციატივის ბოლომდე მიყვანის