ჯეიმს აპატურაი – საქართველო სოლიდურად არის ნატო-ს დღის წესრიგში

გავაგრძელებთ საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაკვირვებას, გავაგრძელებთ რეფორმების ხელშეწყობას, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა, წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ლონდონში განაცხადა, სადაც ნატო-ს კონფერენცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ნატო ყოველდღიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ნატო ყოველდღიურად და შეშფოთებული აკვირდება, რაც ხდება საქართველოში, მათ შორის ე.წ. გამყოფ ხაზთან. რუსი სამხედროების მოქმედებას, მათ შორის ექიმის შემთხვევასაც, ძალიან ყურადღებით მივყვებით, ისევე როგორც პოლიტიკურ პროცესებს.

ვფიქრობ, საქართველო სოლიდურად არის ნატო-ს დღის წესრიგში, მათ შორის დღევანდელ ღონისძიებებშიც, სადაც პარტნიორებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი მონაწილეობს. ვფიქრობ, ეს აჩვენებს, რამდენად მაღალ დონეზეა საქართველო ჩვენი ლიდერების დღის წესრიგში. ნატო-ს გენერალური მდივანი აქაა, მაგრამ მის გარდა კონფერენციაში ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს და ამ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგშია. გავაგრძელებთ საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაკვირვებას, გავაგრძელებთ რეფორმების ხელშეწყობას, რომ საქართველო უფრო თავსებადი გახდეს და მისი თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და უზრუნველვყოფთ არამარტო პოლიტიკურ ,არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერასაც“, – განაცხადა აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლატარიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა
შემდეგი სტატიაშსს-მ მცხეთაში აქციაზე “ოცნების” ერთი აქტივისტი დააკავა, ორი განარიდა