ჯეიმს აპატურაი – არ დავუშვებთ, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს უფლება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში კარასინი-აბაშიძის შეხვედრების პრაღის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი. აპატურაის თქმით იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ფორმატს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები: ”ჩვენ დიდი ინტერესით ვეცნობით იმ ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან, დაწყებული პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, ელჩით, დიალოგის ყველა მიმართულებით გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს გენერალური მდივანი განიხილავს თბილისშიც. გენერალური მდივანი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თითქმის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეხვდება, ასევე დარწმუნებული ვარ რომ გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს , რომ ეს გზა გააგრძელოს , კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი. ვინაიდან ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან ყველა იზიარებს აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და მას ალტერნატივა არა აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ. დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები და კიდევ უფრო უარესი მოვლენები. ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით ნეგატიური პროცესი უკან მიდის თუ არა, შეიძლება არა, მაგრამ აქ მთავარია , რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად, რომ ვთქვათ აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას. თუ საქართველო გადაწყვეტს რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული, ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან. მაგრამ ახლა , ამ დროისათვის ალიანსის წევრებს შორის ამ თემაზე კონსენსუსია. ვცადოთ ყველაფერი, თუნაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს ”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს არც ერთი წევრისთვის არაა მისაღები, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს გამოყენების უფლება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მიერ ნატო-ს საქართველოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველო გაყოფილია, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ამბობდა და ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ეს ჩვენი შეთანხმების დამრღვევი ფაქტორი არ გამხდარა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და უნდა გვახსოვდეს. მეორე საკითხი, რა თქმა უნდა ეს სირთულეა და როგორ არ არის ეს სირთულე მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ნების გარეშე დგანან რუსეთის შეირაღებული ძალები და თავის მხრივ, ამ რეგიონების უფრო და უფრო მეტი ინტეგრაცია ხდება რუსეთთან და ა.შ. შეუძლებელია ამის გაუთვალისწინებლობა. ახლა დავუბრუნდები იმ საკითხს, საიდანაც საუბარი დავიწყე – ამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ვამბობდით და ბოლო სამიტზეც ვთქვით, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია. ახლა კითხვა შემდეგნაირად არის დასმული – როგორ წავიდეთ წინ“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი თქმით, ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებას სამი ძირითადი ელემენტი აქვს.

„პირველი, ქვეყანა უნდა იყოს სტანდარტების მიხედვით გაწევრიანებისთვის მზად. ამაზე ვმუშაობთ, გვაქვს პროგრესი და გავაგრძელებთ მუშაობას. მეორე, ნატო უნდა იყოს მზად. ჩვენ ჯერ არ გვაქვს კონსენსუსი. მესამე, ახალი წევრის მიღებამ წვლილი უნდა შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში. გვსურს, საქართველო დავუახლოოთ ნატო-ში წევრობას ისე, რომ არ დავძაბოთ უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისა და ნატო-სთვის. რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი რუსეთთან. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ურთიერთობების საერთო მდგომარეობა არის ამ ყველაფრისთვის კონტექსტი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? უნდა ვიმუშაოთ ორ საკითხზე. უნდა ვიმუშაოთ მზაობაზე და ამას ვაკეთებთ, მაგრამ ასევე უნდა ვიმუშაოთ პოლიტიკურ გარემოზე და ორივე სწორი მიმართულებით წავიყვანოთ წინ. ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა აპატურაიმ.

როგორც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ნატო-ში ყველა აღიარებს, რომ საქართველოს აქვს წინსვლა, პროგრესი, აგრძელებს რეფორმებს. მისივე თქმით, ნატო-ში ასევე აღიარებენ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს სურს რეფორმების გაგრძელება.

„ეს კარგია საქართველოსთვის და ჩვენც ვაგრძელებთ მხარდაჭერას“, – ამბობს აპატურაი.

ჯეიმს აპატურაიმ ​ნატო-ზე რუსეთის შესაძლო გავლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალიანსის წევრებისთვის არ არის მისაღები, რომ რუსეთს „ვეტოს უფლება“ ჰქონდეს.

„ალიანსის წევრები ასევე აღიარებენ იმასაც, რომ ეს დამოკიდებულება განაპირობებს რუსეთის მხრიდან ნატო-ში ახალი წევრების მიღებაზე ძალადობის გამოყენებით ვეტოს დადებას. ნატო-ს არც ერთი წევრისთვის არაა მისაღები, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს გამოყენების უფლება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მიდის მსჯელობა, წევრებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი, ვინაიდან ეს წაახალისებს ნებისმიერ ქვეყანას, რომ განახორციელოს სამხედრო ქმედებები, რათა შეუშალოს ხელი ქვეყნის ნატო-სთან დაახლოებას. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა აპატურაიმ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, საქართველოს ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ისაუბრებდა.

ავტორი – ქეთევან ქარდავა
“პირველი არხი”

banner
წინა სტატიაშიპენსმა და პომპეომ განაცხადეს, რომ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია მათ არ დაუწერიათ 
შემდეგი სტატიამერკელი მოწოდებას აკეთებს იდლიბში ჰუმანიტარული კატასტროფა არ დაუშვან