რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„რეალობა ისაა, რომ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩვენ გვქონდა შეხება ამ რეალობასთან უკრაინაში ომის დროს, რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებებისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს მოუწევს ამ რეალობასთან საქმის დაჭერა, რაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.
„არჩევნების შედეგები პროგნოზირებადი იყო, რადგან პუტინმა დახურა პოლიტიკური სივრცე, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები. მისი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი ტრაგიკულად დაიღუპა. ამრიგად, ამ არჩევნებში არაფერი იყო თავისუფალი და სამართლიანი, შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული“, – აღნიშნა სალივანმა.