აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მინისტერიალის შემდეგ რეგიონულ გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და ახალ ენერგეტიკულ თუ სატრანსპორტო პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია მდგრადი მშვიდობისათვის [სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის]. ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები. გვჭირდება, რომ დარჩენილი საკითხები ფრთხილად განვიხილოთ და გადავჭრათ,“ —აცხადებს ჯეიჰუნ ბაირამოვი.
მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების წარმატებული მუშაობის შემდეგ, ქვეყნები ახალ ეკონომიკურ პროექტებზე გადადიან.
მაისის ბოლოს დაიწყო ახალი ფაზა ბუნებრივი აირის გაყიდვებთან დაკავშირებით და მხარეებს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება.
ბაქო აქტიურად არის ჩართული ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანს შორის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის დერეფნის განვითარებაში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზეც. მისი თქმით, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, რეგიონული მნიშვნელობის რკინიგზა (ბაქო-თბილისი-ყარსი) მოდერნიზდა, გაიხსნა და უკვე ოპერირებს. დღის წესრიგში რჩება ასევე ზანგეზურის დერეფნის საკითხიც.
გარდა ეკონომიკისა, მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების კუთხით ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თურქეთთან ერთად იგეგმება კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი დიდი კონფერენციის გამართვა.















