ჯაფარიძე: უპრეცედენტო ნაბიჯია, რომ ნატო-ს მხრიდან ხაზი გაესვა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობას

უპრეცედენტო ნაბიჯი იყო, რომ ნატო-ს მხრიდან ხაზი გაესვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს 19 აპრილის შეთანხმებას. სტოლტენბერგმა რაც თქვა, სწორედ „ქართული ოცნების“ ყურადსაღებად არის, – ამის შესხებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, როგორ შეაფასებდა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას: „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე მუშაობა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაწყვიტოთ პოლიტიკური უთანხმოება, შეამციროთ პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები“.

„რატომ მოუწოდა იცით? იმიტომ მოუწოდა, რომ გამოვიდა „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომელიც შეტანილია ნატო-ს კომუნიკეში. უპრეცედენტო ნაბიჯი იყო, რომ ნატო-ს მხრიდან ხაზი გაესვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს 19 აპრილის შეთანხმებას. „ქართულმა ოცნებამ“ დემარში მოუწყო ამ შეთანხმებას, ამიტომ სტოლტენბერგმა რაც თქვა, არის სწორედ „ქართული ოცნების“ ყურადსაღებად“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას მხარს უჭერს ნატო, ევროკავშირი და ასევე შეერთებული შტატები. ბადრი ჯაფარიძის განაცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას უნდა დაუბრუნდეს.

„რაც შეეხება, საერთოდ რა პოზიცია უკავია „ქართულ ოცნებას“, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, ისინი აცხადებენ, რომ 19 აპრილით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებენ, აქ როცა ჩამოდიან, გვეუბნებიან ასეთი მაგრები ვართ, რომ 19 აპრილის შეთანხმება არ შევასრულოთო. ასე რომ, ჩვენ გვაქვს საქმე ძალასთან, რომელიც ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს. საქართველოში სხვა მესიჯბოქსი აქვს, გარეთ – სხვა. მთავარია, რომ 19 აპრილის შეთანხმებას მხარს უჭერს ნატოც, ევროკავშირიც, შეერთებული შტატებიც. „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, თუ მას მართლაც სურს, რომ გადაირჩინოს თავისი თავი, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელსაც ელემენტარული პატივისცემა მაინც ექნება დასავლეთში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა
შემდეგი სტატია“იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ იქნება ეს სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, მე ვურჩევ, რომ მან შეინარჩუნოს თანმიმდევრული ნაბიჯები, შეინარჩუნოს სიმშვიდე”