ჯაფარიძე: სამ პუნქტთან დაკავშირებით ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვქონდა

“პრინციპში, პროცესები განვითარდა ზუსტად ისე, როგორც წინა მოლაპარაკებების დროს. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა მზად, რომ თანხმობა განეცხადებინა და დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

„გასაგებია, რომ იქ ოპოზიციისთვის პრობლემური ორი პუნქტი, ეს არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა. თუმცა, ამის გარდა, იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ, მაგრამ იმ პუნქტებთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ არ იყო მზად, ხელი მოეწერა და იმაზე მაინც დათანხმებულიყო. ჩვენი მხრიდან სამ პუნქტზე მაინც ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო. „ოცნებისთვის“ არც ერთი პუნქტი არ იყო მისაღები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია ენმ-ს ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენებას უკრძალვს