ჯაფარიძე: როგორც მაშინ არ ვაწერდი ხელს, ისევე არ ვაწერ ხელს

“ჩემი პოზიცია დღეს ზუსტად იგივეა, რაც იყო იმ საღამოს, როდესაც დაიდო დოკუმენტი დანიელსონის მხრიდან. როგორც მაშინ არ ვაწერდი ხელს, ისევე არ ვაწერ ხელს”, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„პუნქტების ნაწილი არის არაფრის მომტანი, ნაწილი კი უბრალოდ შეუთანხმებელია ოპოზიციისთვის, მიუღებელი იყო. ეს ეხება ორ პუნქტს, ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის პუნქტს.

შესაბამისად, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ჩემთვის. მაშინაც გაუგებარი იყო, „ქართული ოცნება“ რატომ არ აწერდა ხელს. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ მათთვის მომგებიანი იყო ხელის მოწერა, მაგრამ არ მგონია, რამე შეასრულონ, ეს პიარის ამბავია. გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, ასეთი კრიზისი განიმუხტება ხელახალი არჩევნებით. ვერც კი წარმომიდგენია, ამ დოკუმენტზე ვინმემ ხელი მოაწეროს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშიპრაღაში, რუსეთის საელჩოსთან შიშველი პუტინი ოქროს უნიტაზში ჩასვეს
შემდეგი სტატიამეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა