ჯაფარიძე ფარული მასალების გავრცელებაზე – გამოძიების დაწყების იმედი არ მაქვს – ,,ვინც უკვეთავს ის აღარ იძიებს”

gulis eleqsiri

ეს იმსახურებს პირუთვნელ გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც დგანან მოსმენების უკან, – ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების იმედი არ აქვს, რადგან ეს არის დაკვეთით შესრულებული მოსმენები, და ,,ვინც უკვეთავს ის აღარ იძიებს”.

„ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, დაადასტურეს საჯარო პირებმაც, ამაში მონაწილე პირების დასჯა აუცილებლად მოხდება როდესაც გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა და მოვახერხებთ ,,ქართული ოცნების” გასტუმრებას ხელისუფლებიდან. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიება შეუძლებელია, ეს არის დაკვეთით შესრულებული მოსმენები, ამიტომ ვინც უკვეთავს, ის აღარ იძიებს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად „ქართული ოცნების” რამდენიმე მერობის კანდიდატი მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამოწურული აქვს საკადრო რესურსი და სურთ, რომ სუს-მა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ფესვები გაიდგას.

„რაც შეეხება ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების” კანდიდატების უმეტესობა არიან სუს-ის ყოფილი აგენტები, ან მათ სამსახურში მყოფი ადამიანები, ეს მიგვითითებს, რომ ,,ქართულ ოცნებას” ამოწურული აქვს საკადრო რესურსი და სუს-ს უნდა გაიდგას ფესვები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, ამიტომ ეს უნდა დავასრულოთ 2 ოქტომბერს და გავისტუმროთ ,,ქართული ოცნება” როგორც ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი პოლიტიკური ძალა”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

წინა სტატიაშიმსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო