19 აპრილის შეთანხმებას ეწოდა „საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა.“ თქვენ ვერ გააუქმებთ ამ რუკას, არავინ მოგცათ ამის უფლება და ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე, თუკი ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, რადგან ეს არის „საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა,“ რომელიც, მისი თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია.
„ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოზიცია და ჩვენ პირდაპირ დავარქვით სახელი იმას, რაც მოვისმინეთ, – „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. მე მინდა შევახსენო „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ ამ შეთანხმებას სახელად ჰქვია „საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა“ და ეს სახელი მას უწოდა ევროკავშირმა, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა და ასევე სახელწოდებას აშშ შეუერთდა. ანუ, თქვენ საუბრობთ საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკის ანულირებაზე. თქვენ ვერ გააუქმებთ ამ რუკას, არავინ მოგცათ ამის უფლება და ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე, თუკი ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა უნდა გაუქმდეს. ამიტომ, მე მინდა, რომ კარგად გაიაზროთ, როდესაც საუბრობთ ანულირებაზე, თან ამაყად და ხმამაღლა, ამის ანულირების უფლებას ჩვენ ვერ მოგცემთ. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ევროპული მომავალი, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ამას ვერანაირად ვერ გააუქმებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.