ჯაფარიძე: მეცინება ადამიანებზე, ვისაც აქვთ ამბიცია, ქვეყნის ეკონომიკა 5-10 წლით დაგეგმონ

“მეცინება ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ამბიცია, დაგეგმონ ქვეყნის ეკონომიკა 5 წლით ან 10 წლით”, – ასე ეხმაურება “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უწყებათშორისი საბჭოს შექმნას, რომელმაც ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს.

“ეს, ზოგადად, სისულელეა. ჩვეულებრივი პიარია, იმის გამო, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ქვეყანაში ძირითადი პრობლემები ეკონომიკური შინაარსისაა და, მათ შორის, ბოლო IRI-ის კვლევაშიც ტოპ 5 პრობლემიდან 4 არის ეკონომიკური ხასიათის პრობლემა და ყველა კვლევაში ეს ასე ამოდის ხოლმე, ამ ტიპის გამოწვევებზე რეალურად პასუხის გაცემის უნარი ხელისუფლებას არ აქვს და, კონკრეტულად, ღარიბაშვილს არ აქვს არანაირი ამისი უნარი. ხელისუფლება, ბოლო წლებია, ისადაც გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზე და როცა ძალაუფლების შენარჩუნება გაქვს მიზნად, სხვანაირად ოპერირებ, მართლა რეფორმების გატარება და ქვეყნის გადარჩენა რომ გინდა – სხვანაირად. ამიტომ, შანსი არ აქვთ, რომ რამე გააკეთონ.

ერთადერთი, რაც შეიძლება გადმოაგდონ არის ასეთი სისულელე. საკუთარ ამომრჩეველს უგდებენ, რომ უწყებათაშორის საბჭოს შევქმნით, რომელიც მიხედავს ეკონომიკურ პრობლემებს. მე, ზოგადად, არ მჯერა არც სტრატეგიული დოკუმენტების, ეგეთი გეგმების. საერთოდ, არ მჯერა და მეცინება ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ დაგეგმონ ქვეყნის ეკონომიკა 5 წლით ან 10 წლით. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო – გენიალურია მაგ თვალსაზრისით”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე “TV პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიური სატვირთო გემის ეკიპაჟის გადარჩენის დრამატული კადრები ნორვეგიიდან (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგრიგოლ დარსალიას წირვის უფელბა არ მისცეს