4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ჯაფარიძე: იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც “ოცნებას” სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სურვილს გააფორმებს და ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, ეს ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ “ძლიერი საქართველო – ლელოს” ლიდერებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოგვესმინა მათი შეხედულებები იმ
პროცესთან მიმართებაში, რომელიც მიმდინარეობდა წინა კვირას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის არის სრული თანხვედრა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ პარტიების გაუქმების წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დასავლური, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, ასევე იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც უნდათ, საქართველო ნახონ ევროპულ ოჯახში. ეს პროცესი არის საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ, რომელსაც სურს საქართველო იყოს ევროპულ ოჯახში, რომელსაც სურს საქართველო იყოს სუვერენული, ძლიერი სახელმწიფო, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფო. აი ამ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულია ეს პროცესი.

ამ პროცესის შედეგები უკვე არის უზარმაზარი უარყოფითი ძალის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის. იმას თუ გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს „ქართულ ოცნებას”, ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს!

სარჩელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შეიტანა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ ყველამ ერთად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომა”,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსიტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა
შემდეგი სტატიათიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის