ჯაფარიძე – ესაა პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი სხდომა შალვა თადუმაძის თაოსნობით

ესაა პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი სხდომა შალვა თადუმაძის თაოსნობით, რომელიც ახლა მოსამართლის მანტიით გვევლინება, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამჟამად მოწმედ წარდგენილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ბარამიძე განსაკუთრებულს ვერაფერს იტყვის.

“რაც შეეხება ამ მოწმეს, აქ რამე განსაკუთრებული ვერ იქნება, ვერ იქნება ობიექტური დასკვნა, რაც სინამდვილეში მოხდა. იმაზე მეტი არაფერი არ მომხდარა, რაც ბანკის საქმიანობაა.

ჩვენი პროცესები უწყვეტად მიმდინარეობს. იყო კოვიდის პერიოდში შესვენება, ახლა განახლდა და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, რადგან 2 ოქტომბერს აუცილებელია მშვიდად გავისტუმროთ “ქართული ოცნება” ხელისუფლებისგან. აუცილებლად ჩაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. კოალიციური მმართველობა “ქართული ოცნების” გაფუჭებული საქმეების გასწორებას აუცილებლად დაიწყებს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთი ბრალდებულის, ავთანდილ წერეთლის შვილმა, “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, პროცესები დაჩარებული წესით ტარდება.

“ვუახლოვდებით რეფერენდუმის დღეს, რამდენიმე კვირა დარჩა, ამიტომაც ჩემი ოჯახის სასამართლო განახლდა და იქნება დაჩქარებული წესით. არამხოლოდ ჩემი ოჯახის წევრების სასამართლო, კრიტიკული მედიის ოჯახის წევრებზე, მედიამენეჯერებზე განახლდა სხდომები და დარწმუნებული ვარ, დაჩქარებული წესით იქნება. დასავლეთი, ევროპა სასამართლოს ეუბნება, ნუ სხედხართ გამომოპალ “მოსკვიჩზე”, დაგეხმარები, რომ “მერსედესზე” გადაგსვაო, მაგრამ ხელისუფლებამ ტანზე შემოიხია, გამომპალი სისტემა უნდა, უნდა, რომ მურუსიძე “ჯოისტოკზე” ჰყავდეთ, ამიტომაც ხდება ეს, არანაირი დახმარება არ უნდათ, რადგან უნდათ, რომ გამომომპალ “მოსკვიჩზე” ისხდნენ და როგორც უნდათ, ისე ჰყავდეთ სასამართლო”,- განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – ნათელია, რომ საქმე “შეგვიკერეს”
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს – კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან