ჯაფარიძე: ჩემი მხარდაჭერა ბექა ყორშიას, ლევან აბუთიას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც ახლა არიან რეალურად ფრონტის წინა ხაზზე

ყველამ უნდა დაიჯეროთ, რომ ეს ქვეყანა არ არის განწირული, იყოს წუმპე. ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ქვეყნიდან გავაკეთოთ უკეთესი ქვეყანა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა მოქალაქეებმა 2 ოქტომბერს ხმა მისცენ უკეთეს მომავალს.

„ჩემი მხარდაჭერა ბექა ყორშიას, ლევან აბუთიას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც ახლა არიან რეალურად ფრონტის წინა ხაზზე. ეს ფრონტის წინა ხაზი სულ უფრო დაძაბული გახდება, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. ორი ოქტომბრის არჩევნებს ატარებენ ესენი, არავინ არ მოიტყუოს თავი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ორგანო, რომელიც ატარებს არჩევნებს. ისინი არიან არჩევნების შედეგების გამფორმებლები, მაგრამ არჩევნებს საქართველოში ატარებს სუს-ი, ყველგან ესენი არიან, ესენი არიან შემძვრალი ყველგან ადამიანის ცხოვრებაში, ამათმა იციან ყველაფერი თქვენ შესახებ. იციან რას ჭამთ, რას სვამთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ყველა თქვენი სუსტი წერტილი იციან და ამ სუსტი წერტილის გამოყენებით ცდილობენ, ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილს და იმ რეჟიმს, რომელიც არის ახლა საქართველოში. მათ შორის კანდიდატები არიან პირდაპირ სუს-ის ხალხი ან არიან მათგან დავერბოვკებული ადამიანები. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

2 ოქტომბერს ამათი დამარცხების ერთადერთი გზა არის რწმენა. უნდა დაიჯეროთ ყველამ, რომ ეს ქვეყანა არ არის განწირული, იყოს წუმპე. ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ქვეყნიდან გავაკეთოთ უკეთესი ქვეყანა, ამისთვის აუცილებელია, მთავარი იარაღი, რაც ახლა თქვენ ხელში არის, ესა თქვენი ხმა. ორ ოქტომბერს არ დაიზაროთ, არ შეგეშინდეთ, როგორც არ უნდა შეგაშინონ, მოატყუეთ, რომ გეშინიათ. რაც არ უნდა შემოგთავაზონ, გამოართვით ნებისმიერი რამ, როგორც არ უნდა დაგემუქრონ აჩვენეთ, რომ ვითომ შეგეშინდათ, მაგრამ 2 ოქტომბერს მიდით და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია, გარდა 41 ნომრისა. არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში. მომავალ წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი, ისევე როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში გრძელდებოდეს მოსმენები და ადამიანებს ეშინოდეთ თოფიანი ხალხის. ვინც ამის წინააღმდეგ წავა „ქართული ოცნების“ შემდეგ, ის იქნება პირველი ნაბიჭვარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

წინა სტატიაშინიკა მელია: ეს არის ცივილიზაციური არჩევანი ან ქუჩებში გვხოცავენ ან ვერ გვხოცავენ, ან გვაშანტაჟებენ ან ვერ გვაშანტაჟებენ, გვართმევენ მომავალს ან ვერ გვართმევენ…
შემდეგი სტატია“ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომელიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია” – გიგა ბოკერია