ჯაფარიძე ამბობს, რომ წერილი, რომელიც გიორგი გახარიამ შს მინისტრობის დროს გადასცა, გამაოგნებელი იყო

რ ატომ გეშინიათ ამ წერილის?! – ამ კითხვით “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმართა, სადაც ე. წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე იკითხება, რომელიც ამბობს, რომ არანაირი უკანონო ტრანზაქცია არ განხორციელებულა და აღნიშნული საქმე პროკურატურის მიერ არის ფალსიფიცირებული.

სწორედ ამ საკითხზე ჩვენების მიცემისას ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე ახსენა ე.წ. მუქარის წერილი, რომელიც მისივე მტკიცებით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. ჯაფარიძე-ხაზარაძის მტკიცებით, წერილის შინაარსი სხვა მოთხოვნებთან ერთად “მათ შორის “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ეხებოდა.

ჯაფარიძის თქმით, წერილის შესახებ ყოფილ მინისტრს უთხრა, რომ “ეს არის სისულელე”.

“წერილი გადმომეცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, სადაც ჩვენგან მოითხოვდნენ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. თავისთავად გამაოგნებელი წერილი იყო. მგონი, ეს არის ყველაფრის თავი და თავი იმიტომ, რომ ვინც ეს შეთხზა და დაგეგმა ვფიქრობ, ავთო წერეთლის კომპანიებისგან ნასესხები თანხა დაუკავშირა “ტვ პირველს” და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. გადმოგვეცა ეს წერილი, სადაც ბოლოში იყო აბზაცი – თუ ჩვენ არ შევასრულებდით მოთხოვნებს, მაშინ მთელს მსოფლიოს გააგებინებდნენ იმის შესახებ, რაც ჩავიდინეთ 2008 წელს. სიმართლე გითხრათ, მაშინდელ შს მინისტრს პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს არის სისულელე. ვისაც უნდა მოუყვნენ, რადგან 2008 წელს რაც გავაკეთე, მეამაყება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, რათა ხალხმა შვებით ამოისუნთქოს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო