ჯანმოს საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცერი: ძალიან პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის არის საქართველო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, ყველა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა რეაგირება კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე მოახდინა.

მისივე განმარტებით, ჩინეთის სწრაფმა რეაგირებამ სხვა ქვეყნებსაც მისცა საშუალება, პანდემიის წინააღმდეგ ზომები სწრაფად გაეტარებინათ. ასე უპასუხა კატერინ სმოლვუდმა მსოფლიო მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვას, თუ რამდენად დროული იყო ჩინეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების რეაგირება და შესაძლებელი იყო თუ არა დღეს სულ სხვა სურათი მიგვეღო ქვეყნებს მკაცრი შეზღუდვები უფრო ადრეულ ეტაპზე რომ დაეწესებინათ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა წევრმა ქვეყანამ ამ ახალ ვირუსს თავიდანვე ძალიან სერიოზული პასუხი გასცა. ყველა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა რეაგირება დაავადების საწყის ეტაპზევე მოახდინა და ღონისძიებები ექსტრემალურად სწრაფად განახორციელა. იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო მანამდე, რამაც საშუალება მისცა სხვა ქვეყნებს, რომ ზომები ასევე სწრაფად მიეღოთ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც ძალიან სწრაფად გამოაცხადა გლობალური საგანგებო მდგომარეობა იანვრის ბოლოს და მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომ მზად ყოფილიყვნენ ყველა შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ექნებოდათ და ქვეყნებმა ეს დაუყოვნებლივ გააკეთეს. თუმცა, ვირუსი აგრძელებს გავრცელებას და გადააჭარბა გავრცელების იმ დონეს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ველოდით,“ – განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოზიტიურ ნიშნებს ხედავს ბევრი ქვყნიდან, მათ შორის საქართველოდან, რომელმაც საკმაოდ ადრეული ზომები მიიღო ვირუსის შესაჩერებლად.

„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის, იმ ქვეყნებიდანაც, რომლებიც ევროპის რეგიონში ყველაზე მეტად არიან დაზარალებულები, ასევე ძალიან პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებმაც ადრეული ზომები მიიღეს, როგორიც არის საქართველო, სადაც ჩვენ ვხედავთ შემთხვევების შედარებით დაბალ მაჩვენებლებს თუ ევროპის სხვა ქვეყნებს შევადარებთ. ასე რომ, ქვეყნები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთის მიყოლებით. რა თქმა უნდა, როცა დრო მოვა, ჩვენ უკან მოვიხედავთ და ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად, ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, რომ როდესაც ყველაფერი ჩაივლის, განვლილი გზა შეაფასონ, თუმცა ახლა უმჯობესია, წინ გავიხედოთ, მივყვეთ არსებულ პროგრესს, რომელსაც ვხედავთ და ამასთანავე, ვიყოთ უკიდურესად ფხიზლად, რომ ვირუსი უკან არ დაბრუნდეს,“ – განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა, 14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული
შემდეგი სტატიადავით სონღულაშვილი: მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი სრულად ფარავს ტურიზმის სექტორში მონაწილე ყველა ადამიანს