ჯანმო – მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 505 344 შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 11%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. შემდეგ მოდის ინდოეთი 441 976 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 30%-ით ნაკლებია, მესამე ადგილზეა კოლუმბია, 193 907 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 10 %-ითაა გაზრდილი, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი არგენტინა ( 149 673 ახალი შემთხვევა) და რუსეთი (108 139 ახალი შემთხვევა) არიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთში, გასული კვირის განმავლობაში, დაინფიცირებულების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 31%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 64 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. „ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს 170 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გამოვლენილი, „გამა“, ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი – 71 ქვეყანაში.

რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, უკვე მსოფლიოს 85 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა