ჯანმო – „კოვაქსის“ პროგრამა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვაქსის“ პროგრამა, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასულ კვირას მან მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები გააჩნიათ, დაუყოვნებლივ გაუნაწილონ 10 მილიონი დოზა „კოვაქსს“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მედიკოსებისა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ დაწყებული არ არის.

როგორც ტედროს ადანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, ვაქცინების სამართლიანად განაწილებისთვის დრო ჯერ არ ამოწურულა.

„დრო ჯერ კიდევ არ ამოწურულა ვაქცინების სამართლიანი განაწილებისთვის. ცხრა დღე დარჩა, ვიდრე ჩვენ მიმდინარე წლის 100 დღეს მივაღწევთ და მიზანი, ყველა ქვეყანაში დაიწყოს ვაქცინის მიწოდება ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და რისკ-ჯგუფებისთვის, ჯერ შესრულებული არ არის. „კოვაქსის“ ფარგლებში უკვე მიწოდებულია 35 მილიონი დოზა 78 ქვეყანაში, თუმცა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობისა და თანასწორი განაწილების კუთხით სერიოზული გამოწვევები მაინც რჩება. გასულ კვირას, მე საგანგებოდ მოვუწოდე ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის რეკომენდებულთა სიაში არსებული ვაქცინები, გაუნაწილონ დაუყოვნებლივ 10 მილიონი დოზა „კოვაქსს“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, დამატებითი 10 მილიონი დოზის განაწილება იქნებოდა საგანგებო ზომა იმისთვის, რომ იმ 20 ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციისთვის, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ვაქცინა, 10 აპრილამდე დაიწყონ მედიკოსებისა და ხანდაზმულთა აცრა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე უბანში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო