25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლა ახალ რეგიონებში ვრცელდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული ებოლა  ახალ ტერიტორიებზე გადადის. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ვირუსის შესაჩერებლად ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან ინფექციის გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, საიზოლაციო საწოლების რაოდენობა არსებულ მოთხოვნას საგრძნობლად ჩამორჩება.

მიმდინარე წლის 15 მაისს ებოლას აფეთქების  ოფიციალურად გამოცხადებიდან დღემდე, ქვეყანაში ებოლას 676 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 136 პირი გარდაიცვალა, ხოლო 32 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთანავე, რეგისტრირებულია კიდევ 119 საეჭვო შემთხვევა.

მთავარ სირთულეს ის წარმოადგენს, რომ მას ვირუსის იშვიათი — ბუნდიბუგიოს (Bundibugyo) სახეობა იწვევს, რომლის წინააღმდეგაც ამ დროისთვის არანაირი ლიცენზირებული ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.

დაავადების კერა ამჟამად იტურის პროვინციაა, თუმცა ინფიცირების შემთხვევები უკვე გამოვლინდა ჩრდილოეთ კინუსა და სამხრეთ კივუს პროვინციებშიც.

ჯანმოს ეპიდემიოლოგიისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოლივიე ლე პოლენის განცხადებით, რომელიც ჩრდილოეთ კივუს ქალაქ ბენიდან ერთვებოდა, ახალ სამედიცინო ზონებში შემთხვევების იდენტიფიცირება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

„ეს რეალურად ასახავს ებოლას ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, რაც ბევრად აღემატება იმას, რაც ამჟამად ფიქსირდება. ამას ხელს უწყობს მოსახლეობის მაღალი მობილურობაც“, — განაცხადა ლე პოლენმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, თუკი ბოლო კვირებში ახალ კერებში ვირუსის შეტანა მხოლოდ ცხელი წერტილებიდან ჩასულ მოგზაურებს უკავშირდებოდა, ახლა უკვე სახეზეა შიდასაზოგადოებრივი (ლოკალური) გავრცელებაც.

ლე პოლენმა დაამატა, რომ მაღალი რისკის მქონე რეგიონებში კვლავ რჩება ბევრი „ბრმა ზონა“, ხოლო ებოლას გავრცელების  სრული სურათი მხოლოდ ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების შემდეგ გახდება ნათელი.

banner
წინა სტატიაშიირანი ჟენევაში აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიარაციის ჩანაწერებს რატომ ადევს გრიფით საიდუმლო? გაასაჯაროვონ! – ანა ბუჩუკური 20 ივნისის საქმეზე